top of page

Xalil Umalov-Gozalashvili

ხალილ უმაროვ-გოზალიშვილი დაიბადა 1925 წლის 25 აპრილს ქალაქ ვალეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში. სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს, საბჭოთა ხელისუფლებამ  აუკრძალა თავის მშობლიურ მესხეთში ცხოვრება.   როდესაც 1944 წელს  მაჰმადიანი მესხები თავისი მშობლიური მიწა-წყლიდან აყარეს და შუა აზიაში გადაასახლეს, ხალილი გმირულად იბრძოდა დიდ სამამულო ომში და მედგარ წინააღმდეგობას უწევდა ფაშისტებს. ომის დასრულების შემდეგ მან ვერ შეძლო მშობლიურ მესხეთში დაბრუნება და თავის ახლობლებსა და ოჯახის წევრებთან ერთად  უზბეკეთში ცხოვრობდა.  გადასახლების შემდეგ ის სათავეში ჩაუდგა მესხი ხალხის  ბრძოლას ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებისათვის.  მისი ინიციატივით 1962 წელს შეიქმნა „დროებითი კომიტეტი“, რომელიც მიზნად ისახავდა დეპორტირებულ მესხებში ქართული თვითშეგნების განმტკიცებას და მათ სამცხე-ჯავახეთში დაბრუნებას.  

ხალილ უმაროვ-გოზალიშვილმა მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრებთან და ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებთან.  ქართული ინტელიგენციის დიდი ძალისხმევის შედეგად 1980-იან წლებში მაჰმადიან მესხთა მცირე ნაწილმა, დაახლოებით ორასმა ოჯახმა, საქართველოში დაბრუნება მოახერხა.  თუმცა შემდეგ მათი უდიდესი ნაწილი, 170 ოჯახი ისევ გაძევებული და დეპორტირებული აღმოჩნდა საქართველოდან.  ხალილ უმაროვ-გოზალიშვილის ინიციატივით  1992 წელს ყაბარდო-ბალყარეთში შეიქმნა  პროქართული ორიენტაციის მესხური ორგანიზაცია „ხსნა“, რომელიც ცდილობდა მესხთა ეტაპობრივ დაბრუნებას საქართველოში.   

ხალილ უმაროვ-გოზალიშვილს ეკუთვნის ნაშრომი „მესხთა ტრაგედია“, რომელშიც მან დეტალურად აღწერა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული და დეპორტირებული მესხების დისკრიმინაცია.  წიგნში მან ხაზი გაუსვა მაჰმადიან მესხთა ქართულ წარმომავლობას და ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით დაამტკიცა, რომ დეპორტირებულთა უდიდესი ნაწილი წარმოშობით ეთნიკური ქართველი იყო.  წიგნის პირველ ნაწილში ის  აღწერს მესხეთის ისტორიას ანტიკური ხანიდან მოყოლებული დღემდე.  ხალილ უმაროვ-გოზალიშვილი მესხეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და სიღრმისეულად აანალიზებს, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის თურქეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, ხოლო შემდეგ 19-ე საუკუნეში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.   მეორე ნაწილში ავტორი მომოიხილავს მესხთა სამშობლოში დაბრუნებისათვის ბრძოლის ისტორიას.  როგორც ის აღნიშნავს, მესხები ვერასოდეს ვერ ეგუებოდნენ სამშობლოს დაკარგვას და ყოველთვის აქტიურად იბრძოდნენ სამცხე-ჯავახეთში დასაბრუნებლად.  ამ ბრძოლამ, როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ, ნაყოფი არ გამოიღო, რადგან მესხების სამშობლოში დაბრუნებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა კავშირის ხელისუფლება. ხალილ უმაროვ-გოზალიშვილის დიდი ძალისხმევის შედეგად მხოლოდ მესხების მცირე ნაწილმა მოახერხა საქართველოში დაბრუნება, სადაც ისინი ხშირად დისკრიმინაციას და შევიწროებას განიცდიდნენ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, განსაკუთრებით  1980-იან და 1990-იან წლებში.   წიგნის მესამე და მეოთხე ნაწილში ავტორი აანალიზებს ფერღანაში დატრიალებულ ტრაგედიასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.  ხალილ უმაროვ-გოზალიშვილი ისტორიულ ფაქტებზე და წყაროებზე დაყრდნობით აღწერს, თუ როგორ დაარბიეს დეპორტირებული მესხები  უზბეკმა ნაციონალისტებმა 1989 წელს და როგორ გააძევეს უზბეკეთიდან.  ფერღანის ტრაგიკული მოვლენების შემდეგომ ათობით ათასი მესხი კვლავ ლტოლვილად იქცა და უსახლკაროდ დარჩა.  

 ხალილ უმარო-გოზალიშვილი გულისტკივილით აღწერს, თუ როგორ აღმოჩნდნენ მიმოფანტულნი მესხები საბჭოთა კავშირის 13 რესპუბლიკის ტერიტორიაზე და როგორ  გაჩნდა დეპორტირებული ხალხის ასიმილაციისა და გადაშენების რეალური საფრთხე.  ის გულისტკივილით ადევნებდა თვალს მესხთა გადაგვარების პროცესს და ცდილობდა მაჰმადიანი მესხები ისევ თავისი ისტორიული ფესვებისათვის დაებრუნებინა, რაც სამწუხაროდ წარუმატებელი მცდელობა აღმოჩნდა. „მესხთა ტრაგედია“ ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაწვდის დეპორტირებული მესხი ხალხის ტრაგიკული ბედის შესახებ.

ხალილ უმაროვ-გოზალიშვილი გარდაიცვალა 1995 წელს, დაკრძალულია ნალჩიკში.


bottom of page