Zurab Avalashvili
იურისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, დიპლომატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი ფუძემდებელი (1917 წ.) ზურაბ ავალიშვილი დაიბადა 1874 (1876?) წელს იურისტ დავით ავალიშვილისა და წარმოშობით შვედი ოლღა ჰომბალტის ოჯახში.
1893 წელს ზურაბ ავალიშვილმა დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია, მოგვიანებით, პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1898 წ.). უნივერსიტეტის I ხარისხის დიპლომით დამთავრების შემდეგ იქვე იქნა დატოვებული საპროფესოროდ მოსამზადებლად.
1901 წელს გამოიცა მისი ისტორიულ–სამართლებრივი ხასიათის ნაშრომი "საქართველოს შეერთება რუსეთთან". სამაგისტრო თემაზე სამუშაოდ 1902-1904 წლებში ის სამი წლით მიავლინეს პარიზში. იქ ყოფნისას მონაწილეობდა ქართველ სოციალისტ–ფედერალისტთა მიერ დაარსებულ გაზეთ „საქართველოს" მომზადებაში.
1904 წელს ავალიშვილი დაბრუნდა პეტერბურგში, სადაც 1906 წელს დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია – „დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობა საფრანგეთში ნაპოლეონის დროიდან 1905 წლამდე". 1907-1909 და 1912-1913 წლებში იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის სახელმწიფო სამართლის კათედრის პრივატ–დოცენტი, შემდეგ კი პროფესორი. 1909-1913 წლებში პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორად და ადმინისტრაციული სამართლის გამგედ მუშაობდა. 1912-1917 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს იურისკონსულტი.
ავალიშვილი სათავეში ედგა პეტერბურგში იმხანად გამომავალ გაზეთ "რუსსკაია მოლვას" საერთაშორისო განყოფილებას. იგი იყო, აგრეთვე, პეტერბურგის გამომცემლობა "ოგნის" ერთ–ერთი ხელმძღვანელი. არჩეული იყო რუსეთის საიმპერატორო იურიდიული საზოგადოების გამგეობის წევრად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის დროებითმა მთავრობამ სენატორად დაინიშნა პირველ სახელმწიფო დეპარტამენტში.
ზურაბ ავალიშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში (1917 წ.). იგი იყო კახეთის რკინიგზის საზოგადოების ერთ–ერთი ხელმძღვანელი, მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, დიდი წვლილი მიუძღვის ქართული უნივერსიტეტის დაარსებაშიც. იმ დროს ზურაბ ავალიშვილი რუსეთის დუმის დეპუტატი იყო და ივანე ჯავახიშვილი მასთან მიმოწერაში არკვევდა, როგორ მოეგვარებინა ესა თუ ის საკითხი. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ ზურაბ ავალიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიის უშუალო შემოქმედი გახდა.
1918 წლის მაისში, როგორც ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციის წევრი, ავალიშვილი საქართველოს ინტერესებს იცავდა ბათუმის კონფერენციაზე. სწორედ ამ კონფერენციის მსვლელობის დროს მისთვის სავსებით ნათელი გახდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციის არსებობის უსაფუძვლობა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების აუცილებლობა. ამ მიზნით, ბათუმშივე მოამზადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ტექსტი. მას კონსულტაციას უწევდა ცნობილი გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი ფონ დერ შულენბურგი, მან 1918 წლის 22 მაისს თბილისში გადმოუგზავნა აქტის ტექსტი საქართველოს ეროვნულ საბჭოს. მცირე კორექტივების შეტანის შემდეგ ტექსტი დამტკიცებულ იქნა ეროვნული საბჭოს საგანგებო ყრილობაზე, იმავე წლის 26 მაისს. დამოუკიდებლობის სასწრაფოდ გამოცხადებისა და გერმანიის მოკავშირეობის (გერმანიამ არ სცნო საქართველო–თურქეთის 1918 წლის ივნისის კაბალური ხელშეკრულების იურიდიული ძალმოსილება) წყალობით საქართველოს საზღვრებში დარჩა სამცხე–ჯავახეთი. გარდა ამისა, ავალიშვილის მოთხოვნით, გერმანია–რუსეთის 1918 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა მე-13 მუხლი: "რუსეთი თანხმობას აცხადებს გერმანიის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობაზე".
ზურაბ ავალიშვილი, როგორც რუსული და ევროპული ენების (ფრანგული, ინგლისური, გერმანული) კარგი მცოდნე, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მთავარ მრჩევლად საგარეო პოლიტიკის დარგში. 1919 წელს, როგორც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრი, დიპლომატიური მისიით გაემგზავრა ჯერ გერმანიაში, შემდეგ – საფრანგეთში ნიკო ნიკოლაძესთან ერთად. 1919 წელს პარიზში გამართულ კონფერენციაზე ზურაბ ავალიშვილმა გადაჭრით გაილაშქრა ინგლის–სომხეთის გეგმის წინააღმდეგ, რომელიც სომხეთისთვის ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად ითვალისწინებდა ტრაპიზონის ვილაიეთის მნიშვნელოვანი ნაწილის, ბათუმის ოლქის, ყარსის და არდაგანის (ისტორიული არტაანი) მხარეების სომხეთისათვის გადაცემას. მომდევნო 1920 წელს ავალიშვილმა მის მიერვე შედგენილი სპეციალური ნოტა გადასცა ანტანტის სახელმწიფო უზენაეს საბჭოს. ამ დოკუმენტში ზედმიწევნით იყო დასაბუთებული, რომ ხსენებული ტერიტორიები უნდა შესულიყო საქართველოს საზღვრებში. საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა.
ზურაბ ავალიშვილი არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ერთ–ერთი მთავარი ავტორი. კონსტიტუცია დამტკიცებული იქნა დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე.
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის (1921 წლის თებერვალი–მარტი) შემდეგ ზურაბ ავალიშვილი პოლიტიკური ემიგრანტია. მოღვაწეობდა საფრანგეთსა (1921-1940) და გერმანიაში (1940-1944). 1922 წლის 6-12 იანვარს კანში ანტანტის უმაღლესი საბჭოს წევრი ქვეყნების შეკრებაზე ქართულმა დელეგაციამ, რომელშიც ზურაბ ავალიშვილიც შედიოდა, შეკრებას გადასცა საქართველოს მთავრობის ნოტა, რომლითაც საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანასა და ერის სამართლიანი უფლებების აღდგენას მოითხოვდა.
დიპლომატიური საქმიანობის გარდა, ზურაბ ავალიშვილი აქტიურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. თანამშრომლობდა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთულ ბიუროსთან, მონაწილეობდა ანტიბოლშევიკურ ერთა ლიგის შექმნასა და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის დაარსებაში (1942). 1941 წელს მიუნხენში მისი მონაწილეობით დაფუძნდა "ქართული სამოკავშირეო შტაბი", რომლის მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება საბჭოთა იმპერიის ბატონობისგან. გარდა ამისა, იგი იყო მიუნხენის საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი. მონაწილეობდა ქართული დიასპორის ცხოვრებაში, პარიზში წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის დაარსებაში, ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით დაარსებული "სტუდენტთა საგანგებო კომიტეტის", "კავკასიის შემსწავლელი საზოგადოების", "ქართული სამეცნიერო წრის" საქმიანობაში. იყო პარიზის ქართული სათვისტომოს აქტიური წევრი.
1940 წელს ზურაბ ავალიშვილი საცხოვრებლად მიუნხენში გადავიდა. სიცოცხლის ბოლო წლებში მოღვაწეობდა კონტინენტური ევროპის კვლევა–ძიების ინსტიტუტში, რომელსაც ასევე ქართველი ემიგრანტი ალ. ნიკურაძე ხელმძღვანელობდა, ცოლად ჰყავდა ნორვეგიელი მაია ფოგტი. მათ შთამომავლობა არ დარჩენია. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ავალიშვილი ალექსანდრე ნიკურაძის ოჯახში ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა. დაასაფლავეს ქალაქ შვანდორფში. მის საფლავს წლების მანძილზე პატრონობდა ალექსანდრე ნიკურაძის გერმანელი მეუღლე. თუმცა მადლიერმა ქართველმა ხალხმა 1993 წლის 22 მაისს ზ. ავალიშვილის ნეშტი საქართველოში გადმოასვენა. ის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.
ლიტერატურა:
ავალიშვილი ზ. (1876-1944) 100 ქართველი უცხოეთში. თბილისი 2011;
შარაძე გ. ზურაბ ავალიშვილი, უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. 1, თბილისი, 1991;
ავალიშვილი ზ. "საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში" რუსულ ენაზე, პარიზი, 1924 წ.; თბილისი, 1990;
ავალიშვილი ზ. "ვეფხისტყაოსნის" საკითხები" პარიზი, 1921;
ავალიშვილი ზ. "თეიმურაზ I და მისი პოემა "წამება ქეთევან დედოფლისა" პარიზი, 1938 წ;
ავალიშვილი ზ. "ჯვაროსანთა დროიდან" (ოთხი საისტორიო ნარკვევი), 1929.