top of page

Akaki Chkenkeli

სოციალ–დემოკრატიული პარტიისა და მენშევიზმის აღიარებული ლიდერი ირაკლი (კაკი) წერეთელი დაიბადა 1881 წლის 20 ნოემბერს ქ. ქუთაისში. მამა - ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, მწერალი გიორგი წერეთელი 1870–იან წლებში ევროპაში ყოფნისას დაქორწინდა ნიკო ნიკოლაძის უმცროს დაზე, ოლიმპიადა ნიკოლაძეზე. ირაკლის გარდა მათ უფროსი ქალ–ვაჟიც ჰყავდათ – ელენე და ლევანი. 1883 წელს, ორი წლის ირაკლი დედით დაობლდა. მცირეწლოვან შვილებს გიორგი მათი დეიდების დახმარებით ზრდიდა. მალე საცხოვრებლად ქუთაისიდან თბილისში გადმოვიდა. 1891 წელს ცოლად შეირთო მწერალი ქალი, საყმაწვილო ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი ანასტასია თუმანიშვილი. ანასტასია დედობრივ ზრუნვას არ აკლებდა გიორგის შვილებს. 

1900 წელს ირაკლი წერეთელმა ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია და იმავე წლის შემოდგომაზე ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1901 წელს იგი პირველად გამოდის პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზზე – მონაწილეობას იღებს სტუდენტთა მღელვარებაში, რომლის მიზეზი გახდა ნიკოლოზ II–ის განზრახვა ამბოხებული 200 სტუდენტი გაეგზავნა ჯარისკაცთა ყაზარმებში სამხედრო ბეგარის მოსახდელად. მათ შორის ირაკლი წერეთელი  5 წლით აღმოსავლეთ ციმბირში გადაასახლეს. მაგრამ ეს საქმე იმდენად გახმაურდა და ისე დიდი იყო მისგან გამოწვეული უკმაყოფილების რეზონანსი, რომ სტუდენტები ერთ წელიწადში გაათავისუფლეს.

1903 წელს ირაკლი წერეთელი თბილისში დაბრუნდა, დაუყოვნებლივ შევიდა რუსეთის სოციალ–დემოკრატიულ მუშათა პარტიის (რსდმპ) მენშევიკურ ფრაქციაში, გახდა თბილისის პარტიული კომიტეტის წევრი. იგი სათავეში ჩაუდგა მამამისის დაარსებულ, მარქსისტული მიმართულების გაზეთ „კვალს“, რომელიც 1904 წელს მთავრობამ აკრძალა. 1904–1905 წლებში პატიმრობას ევროპაში გაარიდა თავი. დასახლდა ბერლინში, შევიდა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 1905 წლის მაისში  მონაწილეობდა ჟენევის სრულიად რუსეთის მენშევიკთა კონფერენციაზე. 1906 წლის შემოდგომაზე სოციალ–დემოკრატთა პარტიამ  აირჩია რუსეთის სახელმწიფო დუმის მეორე მოწვევის  დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან და ისიც კვლავ აქტიურად ჩაება რევოლუციურ ბრძოლაში. II სათათბიროზე სხვა ოპოზიციურ სოციალისტურ ფრაქციებთან ერთად ჩამოყალიბდა სოციალ–დემოკრატიული ფრაქცია, რომლის ხელმძღვანელი, 25 წლის ასაკში, გახდა ირაკლი წერეთელი. საპარლამენტო ასპარეზზე მან თავი გამოიჩინა, როგორც ბრწყინვალე ორატორმა, შეუდარებელი ლოგიკითა და თავისებური, განუმეორებელი მჭერმეტყველებით. განსაკუთრებით გაითქვა სახელი მთავრობის მეთაურ სტოლიპინის რეაქციონერული დეკლარაციის საწინააღმდეგო გამოსვლით. 1907 წლის 3 ივნისს სათათბირო დაითხოვეს და დეპუტატთა უმრავლესობა დააპატიმრეს. ირაკლი წერეთელმა ექვსი წელი ციხეში მოიხადა, ხოლო შემდეგ, აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკის ახლოს გადაასახლეს. რევოლუციური მოღვაწეობა აქაც არ შეუწყვეტია. მან გააერთიანა გადასახლებული სოციალ–დემოკრატები და პირველი მსოფლიო ომის გამოცხადების დროისათვის ეს ორგანიზაცია უკვე იმდენად გაძლიერდა, რომ ორ ჟურნალს გამოსცემდა – ეს იყო „ციმბირის ჟურნალი“ და „ციმბირის მიმომხილველი“, რომლებშიც გაშლილი იყო სოციალ–დემოკრატიული ინტერნაციონალიზმის პროგრამა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციას ირაკლი წერეთელი ციმბირში შეხვდა. იგი ამნისტიის შემდეგ, რევოლუციის ლიდერთაგან ერთ–ერთი პირველთაგანი, 1917 წლის 19 მარტს ჩავიდა პეტროგრადში. აპრილის კრიზისის შემდეგ  პირველი კოალიციური დროებითი მთავრობის შემადგენლობაში შევიდა და დაიკავა რუსეთის ფოსტა–ტელეგრაფის მინისტრის პოსტი, მოგვიანებით (8–24 ივლისს) ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველის მოვალეობას.

1918 წლის 6 იანვარს დამფუძნებელი კრება დაშლის შემდეგ ირაკლი წერეთელი საქართველოში გამოეშურა და დამოუკიდებლობის დამცველთა რიგებში ჩადგა. იგი იყო სოციალ–დემოკრატიული მუშათა პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელი ჯერ კიდევ ამიერკავკასიის სეიმში, შემდეგ საქართველოს ეროვნულ საბჭოში და დამფუძნებელ კრებაში. 1919 წელს ქართული დელეგაციის ერთ–ერთ ხელმძღვანელად იყო წარგზავნილი პარიზის (ვერსალის) სამშვიდობო კონფერენციაზე, იყო მეორე ინტერნაციონალის აღმასკომის წევრი.

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ირაკლი წერეთელი საზღვარგარეთ ემიგრაციაში წავიდა.

1926 წელს, 45 წელს მიღწეული ირაკლი წერეთელი  შევიდა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაასრულა და მისი ცხოვრების წყარო საადვოკატო საქმიანობა გახდა. შემდგომ კი 1950–იანი წლების დასაწყისიდან ნიუ–იორკში გადასახლდა საცხოვრებლად. აქვე გარდაიცვალა 1959 წლის 21 მაისს, კიბოს დიაგნოზით. მისი ფერფლად ქცეული ნეშტი თავდაპირველად იქვე დაკრძალეს, 1973 წლის 17 ნოემბერს კი საფრანგეთში გადაასვენეს და ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს.


ლიტერატურა:

  1. წერეთელი ი. მოგონებები თებერვლის რევოლუციაზე, პარიზი 1963;

  2. შარაძე გ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. 7. – თბ., 2005;

  3. ქართველები უცხოეთში: წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012


bottom of page