top of page

Alexander Nikuradze

მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ფიზიკოსი, ისტორიკოსი, გეოპოლიტიკოსი, არქეოლოგი, არქიტექტორი, მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული მკვლევარი, პირველი ქართველი ევროპათმცდონე, ქართულ-ევროპული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური მკვლევარი, ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი, ელექტრონებისა და იონების კვლევა-ძიების ინსტიტუტის პირველი დამფუძნებელი ევროპაში, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ევროპული და ევროინტეგრაციული იდეების სამჭედლოს  დამაარსებელი და ხელმძღვანელი ალექსანდრე ნიკურაძე დაიბადა 1901 წლის 10 ნოემბერს, ქალაქ სამტრედიაში. 


ალექსანდრეს მამა (1937 წელს იქნა რეპრესირებული) პროფესიით ინჟინერი, ილია პავლეს ძე ნიკურაძე სამტრედიის რკინიგზის დეპოს უფროსად მუშაობდა. დედა, ელისაბედ გეგია გახლდათ. მისი მოულოდნელად გარდაცვალების გამო ილიას ექვსი მცირეწლოვანი შვილი დარჩა გასაზრდელი: სილოვანი, ივანე, პავლე, ალექსანდრე, ლიდა და ლუბა. მეუღლის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ილია ნიკურაძემ მეორედ იქორწინა ნიფადორა ზურაბის ასულ გიორგაძეზე, რომელთანაც კიდევ სამი შვილი შეეძინა: შოთა, ელენე (ფლორენა) და ქეთევანი. დედინაცვალმა ცხრა და-ძმას ნამდვილი დედობა გაუწია და ღირსეული და სასახელო შვილები გაუზარდა სამშობლოს. ამათგან სამი მსოფლიოში ცნობილი პროფესორი გახდა: სილოვან ნიკურაძე საქვეყნოდ აღიარებული ქირურგი იყო. ივანე ნიკურაძე - მსოფლიოში სახელმოხვეჭილი მათემატიკოსი და ფიზიკოსი ჰიდრავლიკის დარგში, ალექსანდრე ნიკურაძე კი ფიზიკა-მათემატიკის დარგში მოღვაწეობდა.


1917 წელს ძმებმა ივანე და ალექსანდრე ნიკურაძეებმა ოქროს მედალზე დაამთავრეს ქუთაისის გიმნაზია. 1920-1922 წლებში ალექსანდრე ნიკურაძე სწავლობდა გეტინგენის გამოყენებითი მექანიკისა და მათემატიკის ინსტიტუტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. გეტინგენის უნივერსიტეტში მას ასწავლიდნენ ისეთი გამოჩენილი ფიზიკოსები და მათემატიკოსები, როგორებიც იყვნენ: რ. პოლი, ჯ. ფრანკი, დ. ჰილბერტი, კ. რუნგე, რ. კურანტი და სხვა. 1922-1925 წლებში ა. ნიკურაძე ერთდროულად სწავლობდა ორ უმაღლეს სასწავლებელში, მიუნხენის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტსა და მიუნხენის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც ფიზიკის კათედრას განაგებდნენ მსოფლიოში სახელმოხვეჭილი მეცნიერები: ვ. რენტგენი, ა. ზომერფელდი, კ. კარა-თეოდორი, ფ. დიკი და სხვები.

(ეს უნივერსიტეტი შემდგომში დაამთავრა 1911 წელს თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის პირველმა ასისტენტ პროფესორმა ერეკლე ლუკაშვილმა, იგივე ,,ჰერაკლიუს ლუკიანოვმა’’).


1925 წელს ა. ნიკურაძე სასწავლებელში დატოვეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობისათვის, ხოლო 1927 წელს მან ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მოიპოვა. პარალელურად აქტიურად მონაწილეობდა გეტინგენის უნივერსიტეტის ფიზიკური კოლოქვიუმის შემუშავებაში. 1932 წელს იგი მიწვეული იქნა პრივატ-დოცენტად ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც დიალექტრიკების ფიზიკისა და ექპერიმენტული ბირთვული ფიზიკის კურსების წაკითხვა დაევალა. აღნიშნულ კურსს იმდენად საინტერესოდ უძღვებოდა, რომ იმავე წელს, ბერლინის უნივერსიტეტმა მას პროფესორის წოდება მიანიჭა. ალექსანდრე ნიკურაძე აქტიურად იყო ჩართული სასწავლო-სამეცნიერო პროცესებში, იკვლევდა დიალექტრულ მასალებს, აქტიურად მუშაობდა გამოყენებადი ფიზიკის სფეროში, იონთა და ელექტრონთა თეორიებზე.


ნიკურაძე ფიზიკის გარდა მუშაობდა ამიერკავკასიის ეკონომიკაზე. მისი განვითარების გზებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. იგი თვლიდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნების გზა მის ეკონომიკაზე გადის. ჯერ კიდევ მაშინ ა. ნიკურაძე და ცნობილი გერმანელი ეკონომისტები, მათ შორის, აღმოსავლეთის ეკონომიკური ინსტიტუტის დირექტორი ახმეტელი დარწმუნებულები იყვნენ, რომ საქართველო სამომავლოდ გახდებოდა ეკონომიკურად ყველაზე პოტენციური და მნიშვნელოვანი ხიდი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ტრანზიტული გზებისა, რადგან საქართველო გეოგრაფიულად და გეოსტრატეგიულად ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს.


ა. ნიკურაძეს, როგორც ისტორიკოსს, არქეოლოგს, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს უდიდესი წვლილი მიუძღვის თითოეული დარგის განვითარებაში. გაცილებით შთამბეჭდავია, მისი პოლიტიკური საქმიანობა და გეოპოლიტიკური მსოფლმხედველობა. იგი იყო, ასევე, კიდევ ერთი დაწესებულების, კონტინენტალური ევროპის კვლევა-ძიების ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი მიუნხენში. ეს ინსტიტუტი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ევროპული და ევროინტეგრაციული იდეების  სამჭედლო, რომლის ხმა მთელი მსოფლიოს საგანმანათლებლო ტაძრებში ისმოდა. ამის გამო მიუნხენი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო მსოფლიოს პოლიტიკურ და მოწინავე სამეცნიერო ინტელიგენციისათვის. ა. ნიკურაძემ ამავე ინსტიტუტის საშუალებით ,,სანდერსის’’ (Al. Sanders) ფსევდონიმით გერმანულ ენაზე გამოსცა რამდენიმე მეცნიერული გამოკვლევა კონტინენტური ევროპის შესახებ სერიით: ,,ევროპიული კონტინენტალ-პოლიტიკის განვითარებანი’’: ,,იაზონის მემკვიდრეობის გარშემო’’, ,,ხალხთა მიმდინარეობანი აღმოსავლეთ ევროპაში’’, ,,ევროპულ სახელმწიფოთა აღნაგობის საფუძვლები’’და ღრმად ფუნდამენტური წიგნები, მათ შორისაა: (OSTEUROPA in Kontinentaleuropaeischer Schau. München.Hoheneichen-Verlag.1942), (KAUKASIEN,Nordkaukasien, Aserbeidschan, Armenien, Georgien Geschichtlicher Umriss. München. Hoheneichen-Verlag.1942), სადაც ფაქტები და მოვლენები განხილულია ისტორიულ-ფილოსოფიური და ისტორიოგრაფიული თვალსაზრისით. ასევე -  UM DAS ERBE GROßBRITANIENS zur Wandlung der Politischen Struktur der Übersee. München.Hoheneichen-Verlag. 1942, DIE STUNDEN DER ENTSCHEIDUNG Kampf um Europa. München., UM DIE GEFTALTUNG EUROPAS München, და VOM TRAUM ZUR TAT (ოცნებითგან ვიდრე საქმემდე), სადაც მოცემულია ძალიან საინტერესო დებულებანი, როგორც ევროინტეგრაციის იდეისათვის, ასევე საქართველოს ისტორიისათვის. წიგნები მალევე მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. პოპულარული ნაშრომები წამყვანი მეცნიერების ხელიდან ხელში გადადიოდა.

    ჩვენამდე მოღწეულია ალექსანდრე ნიკურაძის პოლიტიკური ხასიათის ნაშრომი ,,კავკასია’’ რომელიც სამჯერ გამოიცა მიუნხენში 1938, 1942, 1944 წლებში, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოს კავკასიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ნიკურაძის აზრით საქართველოს, როგორც ცენტრალურსა და პოლიტიკურ, ყველაზე უნარიან ქვეყანას, კავკასიაში იგივე როლი ენიჭებოდა, როგორც გერმანიას ევროპაში. ნიკურაძის მიზანი იყო საქართველოს ხსნა ჰიტლერის რასობრივი თეორიიდან. იგი ლინგვისტურად აანალიზებს, რომ ჩვენ არიელებს არ ვეკუთვნით, მაგრამ ევროპელები ვართ. ამ იდეის დასაბუთებას იგი ცდილობდა არქეოლოგიური მასალებით, სოციალური წყობით, სახელმწიფოებრივი სისტემით, ხუროთმოძღვრებისა და ლიტერატურის საშუალებით, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს მაინც პოლიტიკური და მოჩვენებითი დიპლომატიური ნაბიჯი იყო. რასაკვირველია. ასეთი ფაქტის, თეთრზე შავის დაწერა დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, ამას სჭირდებოდა საერთაშორისო აღიარება და ფოკუსირებული პროპაგანდა ზემოხსენებული საკითხებისა, ამიტომაც იყო, რომ მას ჰყავდა ქართველების, გერმანელების, კავკასიელების მეცნიერთა და პოლიტიკოსთა ჯგუფები, რომელნიც ეხმარებოდნენ ამ იდეოლოგიის პროპაგანდაში. მათ შორის იყვნენ: მარკოზ ტუღუში, მიხაკო წერეთელი, ზურაბ ავალიშვილი, თბილისელი გერმანელი Dr. Emil Wallker-გაქართველებული ქართველოლოგი. ჩრდილოეთ კავკასიელებიდან სანდროსთან თანამშრომლობდნენ ჟურნალისტები: ჯაბაგი (ყაბარდოელი), ჩერქეზეთიდან აიტეკ ნამიტოკი, აზერბაიჯანიდან რასულ-ზადე. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი ვერ იქნებოდა ჰიტლერის დასარწმუნებლად, მაგრამ გარკვეულწილად მნიშვნელოვანი როლი მაინც ითამაშა იმ პერიოდის ქართულ და გერმანულ პოლიტიკურ ურთიერთობებზე.

    ა. ნიკურაძე 1934 წლიდან ნაცისტური პარტიის წევრი ხდება, ამის შემდგომ იგი ჰიტლერის მრჩეველის თანამდებობას იკავებს სამეცნიერო დარგში. ა. ნიკურაძე ძალიან გავლენიანი და ავტორიტეტული პიროვნება იყო. ეს დასტურდება იმით, რომ ნიკურაძესთან ხშირად თავს იყრიდნენ და საუბრობდნენ გერმანიის მთავრობის მაღალი ეშელონების წარმომადგენლები, მათ შორისაა სტუდენტობისდროინდელი მეგობარი და ოკუპირებული აღმოსავლეთის ტერიტორიების მინისტრი ალფრედ როზენბერგი, რომელიც იყო ბალტიური წარმოშობის გერმანელი და რასიული თეორიის მტკიცე მიმდევარი (რის გამოც გერმანელებმა ომი წააგეს, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზთაგანი); ასევე Dr. Schimdt-ი, რომელიც ერთ-ერთი გავლენიანი ჟურნალის Volkische Beobachter-ის რედაქტორი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკურაძეს ხშირად იწვევდნენ რაიხსტაგში, უზენაეს სახელმწიფო მოხელეებთან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ თათბირებზე, მრჩევლის ან ექსპერტ-პროფესორის სტატუსით. ასევე, ნიკურაძე თანამშრომლობდა და კარგი ურთიერთობები ჰქონდა  გერმანიის სელის ნაწარმის ცნობილი მაგნატთან - ვიტთან,  მისი ეკონომიკური და პოლიტიკური მრჩეველიც იყო.

    ა. ნიკურაძის გეოპოლიტიკური იდეებით აღფრთოვანებული და თანამოაზრე ალფრედ როზენბერგი ეხმარება და უქმნის ,,კონტინენტალური ევროპის კვლევა-ძიების ინსტიტუტს’’, რომელშიც მუშავდებოდა ,,კონტინენტური ევროპის სამომავლო იდეები ჰაუსჰოფერის და შპენგლერის თეორიის ჭრილში. ნიკურაძის გავლენას განიცდის როზენბერგის პროქართული შეხედულებები. იგი ჯერ კიდევ 1927 წლიდან მიიჩნევდა, რომ კავკასია რუსეთისაგან უნდა იქნას გამოყოფილი, ხოლო 1941 წლის აპრილში წერდა, რომ კავკასიის ხალხებს შორის ქართველები ისტორიულად და პოლიტიკურად წამყვანები იყვნენ და ამიტომ საქართველო მთავარი ცენტრი უნდა გახდეს კავკასიური სახელმწიფოების კონფედერაციისა და მისი სუვერენიტეტის დაცვა გერმანიის მხარდაჭერის პრეროგატივად უნდა იქცეს. რასაკვირველია, გერმანია ამ პასუხისმგებლობას არ გაქცეოდა, რადგან თვლიდა, რომ ეს სწორი პოლიტიკა იყო.

    ალფრედ როზენბერგს იმდენად სჯეროდა ნიკურაძის, რომ 1944 წელს დაავალა, მთელი შტაბით პარიზში გადასულიყო ფრანგ მოაზროვნე საზოგადოებაში როზენბერგის ევროპული იდეების პროპაგანდისათვის. თუმცა ეს ძირეულად ვერ განხორციელდა, რადგან როზენბერგის პროქართული იდეები აშფოთებდათ სხვა ქვეყნის ემიგრანტებსაც. როზენბერგის იდეა მდგომარეობდა შემდეგში: კავკასიური ფედერაცია თანასწორი პარტნიორი უნდა ყოფილიყო ,,შავიზღვისპირეთის სახელმწიფოთა გვირგვინში“, რა თქმა უნდა, გერმანიის პროტექტორატით. კავკასია, უკრაინა, რუმინეთი და კაზაკთა ტერიტორია ევროპის ,,გაგრძელება’’ გახდებოდა, როგორც თავის დროზე გოთების სახელმწიფო იყო. მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო მომავალში, მათზე გერმანული კონტროლი და რაიხსკომისიარიატის სტატუსი უნდა შენარჩუნებულიყო კავკასიისთვის. აღმოსავლეთ სამინისტროს (ასე ერქვა შემოკლებით როზენბერგის სამინისტროს) იდეებით არავინ იყო მოხიბლული.

     1951 წლის სექტემბერში ა. ნიკურაძემ პარიზის ქართულ სათვისტომოში წაიკითხა მოხსენება ,,ზოგადი სურათები ქართულ-ევროპული წარსულიდან’’, რომელშიც გამოთქმულია ორიგინალური იდეები და რომლითაც ევროკავშირის სამართალი დღესაც საზრდოობს ამით. ასევე, მან დიდი წვლილი შეიტანა ევროინტეგრაციისა და ევროპათმცოდნეობის, როგორც ინტერდიციპლინარული დარგის ჩამოყალიბება-განვითარებაში.

   1952 წლის 22-24 სექტემბერს საფრანგეთში, ქ. კომპიენთან, ა. ნიკურაძის ინიციატივით ,,ლა ბრევიერის’’ სასახლეში შედგა ევროპელ მეცნიერთა ყრილობა, რომელსაც დაესწრნენ მეცნიერები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ინგლისიდან, შვეციიდან, ნორვეგიიდან, ოსმალეთიდან და კიდევ სხვა მრავალი ქვეყნიდან. კონგრესის საგანი იყო ევროპული საჭირბოროტო საკითხების წინ წამოწევა. კერძოდ, სხვა წინადადებათა შორის კონგრესმა მიიღო მისი აზრი მცნება-ტერმინის ,,ევროპოლოგიის’’ შემოღების შესახებ. ,,ევროპოლოგია’’ იმთავითვე გულისხმობდა ევროპულ სამეცნიერო დარგების თავმოყრას და ერთ სწავლებად ჩამოყალიბებას.

     ხანგრძლივი ავდმყოფობის შედეგად ა. ნიკურაძე  1980 წლის 13 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალული იქნა ქ. მიუნხენში. მის დაკრძალვას მთელი უნივერსიტეტი დაესწრო. ალექსანდრე ნიკურაძეს სიკვდილამდე ორი მთავარი სურვილი ქონდა, პირველი - ფიზიკის საკუთარი ინსტიტუტის ხელსაწყო-იარაღები და უნიკალური პირადი ბიბლიოთეკა მისი სიკვდილის შემდგომ   საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, გადაცემოდა. სამწუხაროდ,  ასე არ მოხდა. მისი ინსტიტუტი მიუნხენის უმაღლესმა ტექნიკურმა სასწავლებელმა იჩუქა, წიგნების დიდი ნაწილი კი გერმანიის სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებმა და ბიბლიოთეკებმა დაინაწილეს. 


რაც შეეხება მეორე სურვილს, იგი ოცნებობდა სამშობლოში ჩამოსვლაზე და სურდა, რომ მისი ნეშტის  საქართველოს მიწას მიბარებოდა. მისი  ეს ოცნება დღემდე შეუსრულებელია.


ლიტერატურა:

  1. ჯაფარიძე ე. ევროინტეგრაციის სათავეებთან, გამომც, უნივერსალი, 2019 თბილისი;

  2. შუბითიძე ვ, ჯაფარიძე ე, კვესელავა ი. ევროკავშირის შექმნა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, მერიდიანი. 2020, თბილისი;

  3. შარაძე გ. „უცხოეთის ცის ქვეშ“, წიგნი მესამე. თბილისი. მერანი. 1993;

  4. Sanders Alexsander, OSTEUROPA in Kontinentaleuropaeischer Schau. München.Hoheneichen-Verlag.1942;

  5. Sanders Alexsander, KAUKASIEN, Nordkaukasien, Aserbeidschan, Armenien, Georgien Geschichtlicher Umriss. München. Hoheneichen-Verlag.1942


bottom of page