Mikheil Muskhelishvili
მსოფლიოში ცნობილი პროფესორი, იურისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი, საერთაშორისო სამართლის დარგის სპეციალისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ევროპის ხალხთა კონგრესის პრეზიდენტი, ,,ფედერალური ევროპის მოძრაობის’’ ცენტრალური კომიტეტის წევრი, ევროპის ფორმირების ინტერნაციონალური ცენტრის ბიუროს ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის დამაარსებელი და გენერალური მდივანი, მთამსვლელი, მეცნიერი და ,,აკადემიური პალმის’’ ჯილდოს კავალერი მიხეილ მუსხელიშვილი დაიბადა 1903 წლის 8 (21) ივლისს ქალაქ თბილისში.
მიხეილ მუსხელიშვილის მშობლები კეთილშობილი და განთქმული ოჯახი ყოფილა ძველ თბილისში. მამა - ვახტანგი სოლომონის ძე მუსხელიშვილი, ცნობილი ოფთალმოლოგი და აკაკი წერეთლის პირადი ექიმი იყო. დედა - ნატალია მირზაშვილი მეტად კეთილი, სათნო და ლამაზი ქალი ყოფილა. ექიმის ოჯახში ოთხი ვაჟი იზრდებოდა. ვახტანგ მუსხელიშვილის ოთხივე ვაჟი თბილისში, ლევანდოვსკის გიმნაზიაში სწავლობდა და ოთხივემ წარჩინებით დაამთავრა სასწავლებელი. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1921 წელს, 18 წლის მიხეილ მუსხელიშვილი სასწავლებლად მიდის ჯერ გიოტინგენისა და მიუნხენის, შემდგომ კი პარიზისა და ლიონის უნივერსიტეტებში, სადაც იღებს უმაღლეს იურიდიულ განათლებას. 1929 წელს მან დაასრულა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. სორბონის უნივერსიტეტშივე დაამთავრა ერთწლიანი ,,აგრეგასინი’’ (საკანდიდატო გამოცდები) და მიიღო კანდიდატის ხარისხი. მან მუშაობა დაიწყ ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პრივატ-დოცენტად, ხოლო პარალელურად, 1932-33 წლებში ლექციებს კითხულობდა პარიზის უნივერსიტეტის საერთაშორისო გამოკვლევათა უმაღლეს ინსტიტუტში.
მიხეილ მუსხელიშვილი 1935-48 წლებში მუშაობდა კაიროს სამართლის ფრანგული სკოლისა და კაიროს უნივერსიტეტის ჯერ ექსტრაორდინალურ, შემდგომ კი ორდინარულ პროფესორად. 1946-48 წლამდე იყო ამავე უნივერსიტეტის სამართლის კათედრის გამგე და ასევე, ეგვიპტის ხელისუფლების მრჩეველი საერთაშორისო სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებების მიმართულებით. ამის შემდგომ მიხეილი ბრუნდება საფრანგეთში. 1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ის იყო სტრასბურგის იურიდიულ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წამყვანი პროფესორი.
მუსხელი ევროპული თანამეგობრობისა და ერთიანი ევროპული კავშირის კონცეფციის პირველი იდეური დამაარსებელია.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჟან მონე და რობერტ შუმანი საუბრობდნენ ევროპის გაერთიანების იდეაზე, მიშელ მუსხელი უკვე გამოდიოდა ძალიან მნიშნელოვანი ინიციატივებით, როგორც ევროპის ინსტიტუციური მოწყობის, ასევე ევროპეიზაციის სამართლებრივი ბაზის შექმნის აუცილებლობით.
ძალიან მნიშნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ მისი შემოქმედების სამ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე, რომელიც ეხება ევროპაში მნიშნელოვანი ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. მათ დასაბამი მისცეს ევროპის ინსტიტუციურ განვითარებასა და ევროპეიზაციის პროცესს.
პირველი გახლდათ კვლევითი ცენტრის შექმნა, რომელმაც მთელი ევროპა მოიცვა. მ. მუსხელმა 1948-1949 წლებში შეიქმნა სსრკ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის (ე.წ. სოციალისტური) სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და18 წელი სათავეში ედგა მას. შემდგომ მას ,,მუსხელის’’ ცენტრი უწოდეს (ახლაც მუსხელის ცენტრი ჰქვია). ,,მუსხელის’’ ცენტრი წარმოადგენდა პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო სამართლის, სოვეტოლოგიის დარგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს საფრანგეთში, სადაც მუშავდებოდა ევროინტეგრაციის და ევროპული საზღვრების მოშლის იდეა. იგი იყო პირველი ქართველი და ერთ-ერთი პოლიტიკური მოღვაწე მსოფლიოში, რომელმაც ევროგაერთიანების და ევროპული საზღვრების აღების იდეა წამოაყენა და დაიცვა .
მეორე, იგი თავიდანვე იღებდა მონაწილეობას ევროპის საბჭოს შექმნასა და ჩამოყალიბებაში (1949 წ. ), რამაც სათავე დაუდო ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიას ევროპაში. 1952 წლიდან მიშელ მუსხელი ,,ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ასამბლეის წარმომადგენლის მანდატის’’ მფლობელი ხდება და იგი აქტიურად ერთვება ევროპის საბჭოს საქმიანობაში.
მესამე გახლდათ ,,ქართულ-ევროპული მოძრაობა’’ პირველი აპოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ორიენტირებული იყო დემოკრატიულ და ლიბერალურ ღირებულებებზე. 1953 წლის 10 აგვისტოს (?) სტრასბურგში ოფიციალურად დაარსდა პირველი ,,ქართულ-ევროპული მოძრაობა’’, რომლის სულისჩამდგმელი და ინიციატორი მიხეილ მუსხელიშვილი იყო. ,,ქართულ-ევროპული მოძრაობას’’ საფუძვლად დაედო 1953 წლის 7 აპრილს, ქ. მიუნხენში შეკრებილი დამფუძნებელი კრების მიერ შემუშავებული და დამტკიცებული შემდეგი წესდება: 1) ქართველთა შორის ევროპის სახელმწიფოთა კავშირის და მასში სუვერენული, დემოკრატიული საქართველოს შესვლის აუცილებლობის იდეის გავრცელება. 2) გაცნობა უცხოელთათვის, რომ საქართველო მუდამ იყო სულიერად და კულტურულად ნაწილი ევროპისა და სურს გახდეს მისი წევრი. ამ მიზანთა მისაღწევად, იგი უკავშირდება კავკასიელ მეზობელთა და ევროპის სხვა ერთა ევროპულ მოძრაობებს. მოძრაობის წესდებაში ხაზგასმულია, რომ ,,ქართულ-ევროპული მოძრაობა’’ არ იყო კუთვნილება რომელიმე პარტიისა ან ჯგუფისა. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ ქართველს, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა და პოლიტიკური შეხედულებებისა, ვინც აღიარებდა საქართველოს სუვერენობას და იზიარებდა ევროპის მთლიანობის იდეას.
რაც შეეხება ევროპეიზაციის სამართლებრივ პროცესს მ. მუსხელის შემოქმედებიდან გამოვარჩევდით შემდეგ ინიციატივებს: მ. მუსხელმა 1948 წელს ფრანგ კონსტიტუციონალისტ გასტონ სტეფანთან ერთად ევროპის ფედერალური კონსტიტუცის პროექტი დაწერა ,, Michel Mouskhely, Gaston Stefani, ,,Draftof a European Federal Constitution’’ 1948’’, სადაც დეტალურადაა გაწერილი პოლიტიკური და სოციალური დემოკრატიის პრინციპები, რაც დაფუძნებულია მშვიდობასა და სოციალურ სამართალზე ფედერაციის ერთიანობაში და ფედერაციული სახელმწიფოების სხვადასხვაობაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თანამედროვე ევროპული სამართალი დღესაც საზრდოობს მიხეილ მუსხელიშვილის მიერ ინიციირებული სამართლის პრინციპებით (განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ფუნდამენტალური ნაშრომები, ადამიანის ძირითად უფლებებზე და თავისუფლებებზე).
1950 წლის 6 აგვისტოს სტრასბურგში, ევროკონფერენციის გახსნის წინა დღეს, ევროპის 8 ქვეყნის და 300 ზე მეტ სტუდენტმა, ევროგაერთიანების მგზნებარე ინიციატორის მიშელ მუსხელისა და სამი სხვა მომხრე პროფესორის წინამძღოლობით, მოშალა საფრანგეთ-გერმანიის სასაზღვრო ინფრასტრუქტურა და აღმართა ერთიანი ევროპის დროშა, ,,ჩვენ მხოლოდ პატარა კოცონი დავანთეთ, დიდი ცეცხლი ეხლა სტრასბურგში უნდა გაჩაღდეს, რომ ევროპული გულებიც აინთოს, - განაცხადა მაშინ მიშელ მუსხელმა.
1955 წლის სექტემბერში ქ. ტრიესტში გამართულ მსოფლიო კონგრესზე, რომელშიც წარმოდგენილი იყო 18 ქვეყნის 120 წარმომადგენელი, კონგრესზე მთავარმა მომხსენებელმა მიშელ მუსხელმა მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს მესვეურებს მიმართა: ახლა დადგა დრო ევროპელთა ინტელექტუალური და კულტურული ერთობის გაერთიანების შესახებ, რაც მაშინათვე გულისხმობდა ერთიანი ევროპული განათლების სისტემის მოდერნიზაციის ინიციატივებს, დღევანდელი ბოლონიის პროცესთან მიახლოებულ პროექტს, ევროპის ინტელექტუალური მასის მობილობისა და ერთმანეთთან დაახლოების პერსპექტივებს, ევროპის საგანმანათლებლო პროგრამების ჰარმონიზაციას. მიშელ მუსხელი ჯერ კიდევ მაშინ გამოდიოდა ინიციატივით, რომ მომხდარიყო ევროპის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში, სწავლების საერთო მეთოდების შემუშავება, ევროპის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მობილობა და გონივრული ურთიერთობების განვითარება .
მ. მუსხელი ბრიუსელში გამოდიოდა ინიციატივით ევროპის საერთაშორისო ტრიბუნებზე ერთიანი ევროპული ბაზრის შექმნის აუცილებლობის შესახებ. 1958 წლის 23-27 აპრილს ბრიუსელში მსოფლიო გამოფენის C.E.C.A-ს პავილიონში შედგა ევროპელ პროფესორთა ასოციაციის მორიგი კონგრესი, რომლის მუშაობის დღის წესრიგში იყო ორი საკითხი: ევროპის საერთო ბაზარი და ევროპის საერთო დაწესებულებები. მოხსენებები ეხებოდა ევროპის ეკონომიკური მთლიანობის იურიდიულ ბუნებას და მის საერთო ასპექტს, მის ფსიქოლოგიურ მხარეს. მ. მუსხელიშვილმა კი ვრცელი მოხსენება წაიკითხა, ევროპის საერთო ბაზრის შექმნის, მისი ინტეგრაციის (მთლიანობის) შესახებ და მის სამართლებრივ ასპექტებზე. იგი მიიჩნევდა, რომ ევროპის გაერთიანების შემდგომ უნდა მოხდეს ევროპის ბაზრის გაერთიანება, რაც გაადვილებდა სავაჭრო კავშირებს ქვეყნებს შორის და შექმნიდა ერთიან საბაზრო სისტემას ევროპის კონტინენტზე. საერთო ბაზრის სისტემის შექმნა ხელს შეუწყობდა ევროპული ქვეყნების გაერთიანებას და გაერთიანების შემდგომ მის საერთო სიმტკიცის შენარჩუნებას.
ამრიგად, მიშელ მუსხელი იყო ერთ-ერთი თვალსაჩინო ქართველი ევროპოლიტიკოსი საფრანგეთში, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ-ფრანგული პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებაში, კერძოდ: ა) მ. მუსხელმა 1948 წელს ფრანგ კონსტიტუციონალისტ სტეფან გასტონთან ერთად შექმნა ევროპის ფედერალური კონსტიტუციის პროექტი, რომლის მნიშვნელოვანი დებულებანი საფუძვლად დაედო თანამედროვე ევროპული კავშირის სამართალს, ბ) ერთიანი ევროპული ბაზრის შექმნისა და ევროგაერთიანების ინსტიტუციების დაარსების იდეა (რაც მერე განხორციელდა ევროპარლამენტის, ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოს და სხვათა შექმნით). გ) ევროპულ საგანმანათლებლო სივრცის მოდერნიზაცია და ევროპულ საგანმანათლებლო სისტემების და პროგრამების ჰარმონიზაცია (რაც მერე განხორციელდა ე.წ. ,,ბოლონიის პროცესის’’ სახით და ა.შ). დ) ევროპაში საზღვრების მოშლის კონცეფცია (რაც მოგვიანებით განხორციელდა ე.წ. შენგენის ვიზის სახით, რამაც ევროკავშირში ფაქტობრივად საზღვრები მოშალა). ე) მიხეილ მუსხელიშვილი ,,ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ასამბლეის წარმომადგენლის მანდატს ფლობდა, რომელიც დათარიღებულია 1952 წლით, ხოლო აღნიშნული საბჭო შეიქმნა 1949 წლის 5 მაის ლონდონში დასავლეთ ევროპის ათი სახელმწიფოს მიერ, რომლის შტაბბინა სტრასბუგრში მდებარეობს, სავარადოდ ამ საბჭოს დაარსებაში ქართველი ევროპოლიტიკოსის წვლილი შემდგომი კლევის საგანია.
გამოყენებული ლიტერატურა:
ჯაფარიძე ე. ევროინტეგრაციის სათავეებთან, გამომც, უნივერსალი, 2019 თბილისი
შუბითიძე ვ, ჯაფარიძე ე, კვესელავა ი. ევროკავშირის შექმნა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, მერიდიანი. 2020 თბილისი
მ. მუსხელიშვილი ქართულ ევროპული მოძრაობა, 1952, პარიზი