top of page

Viktor Chkhikvadze

იურისტი, სამართალმცოდნე,  სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიისა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვიქტორ ჩხიკვაძე დაიბადა 1912 წლის 1 იანვარს ზესტაფონის რაიონის სოფელ ზოვრეთში.  1930 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის საბჭოთა მშენებლობისა და სამართლის ინსტიტუტში, სადაც ორი წელი ისწავლა. შემდეგ  სწავლა განაგრძო მოსკოვის საბჭოთა სამართლის ინსტიტუტში, რომელიც 1934 წელს დაამთავრა.  1937 წელს იქვე დაიწყო სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა.  1939 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1941 წელს მიიღო ასოცირებული პროფესორის აკადემიური წოდება. კითხულობდა ლექციებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, საკავშირო სამართლის აკადემიასა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.  

1938 წელს ვიქტორ ჩხიკვაძე ნებაყოფლობით შეუერთდა წითელი არმიის რიგებს. მსახურობდა წითელი არმიის სამხედრო სამართლის აკადემიაში, სადაც დაიკავა მასწავლებლის, შემდეგ კი უფროსი მასწავლებლის თანამდებობა. მუშაობდა ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის სამხედრო პროკურორის თანაშემწედ. ვიქტორ ჩხიკვაძემ 1947 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიიღო პროფესორის აკადემიური წოდება. ამ პერიოდში  ის ხელმძღვანელობდა სამხედრო იურიდიული აკადემიის სისხლის სამართლის კათედრას.  1948 წელს  აკადემიას ხელმძღვანელობდა.

1953 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნად, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დატოვა ეს თანამდებობა, რადგან საკადრო პოლიტიკის საკითხებში მისი ხედვები არ ემთხვეოდა საქართველოს ცკ-ს მაშინდელ პირველი მდივნის - ვასილ მჟავანაძეს მოსაზრებებს.  1954 წელს დაინიშნა სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. 1958 წელს იგი გაგზავნეს საბჭოთა კავშირის წარმომადგენლად მშვიდობის მსოფლიო საბჭოში. მსოფლიო კონგრესზე „განიარაღებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ (სტოკჰოლმი, 1958 წლის ივლისი) აირჩიეს  მშვიდობის მსოფლიო საბჭოს მდივნად და ბიუროს წევრად.  ამავდროულად იყო ვენის მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორიც.  

1964 წელს ვიქტორ ჩხიკვაძე დაინიშნა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის დირექტორად, გახდა სსრკ იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის წევრი და სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ვიქტორ ჩხიკვაძე ხელმძღვანელობდა მის მიერვე შექმნილ ადამიანის უფლებათა დაცვის სექტორს. 

1970 წელს ვიქტორ ჩხიკვაძის ინიციატივით შეიქმნა საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაცია, რომლის პირველი პრეზიდენტი თავადვე იყო.  ის აირჩიეს პოლიტიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად, იურიდიულ მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტად, შედარებითი სამართლის საერთაშორისო ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრად. 

ვიქტორ ჩხიკვაძე აქტიურად იყო ჩართული სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობაში. იყო საბჭოთა მშვიდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აზიისა და აფრიკის ქვეყნებთან სოლიდარობის საბჭოთა კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი, ლათინური ამერიკის ხალხებთან მეგობრობის საბჭოთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. მონაწილეობდა  გაეროს გენერალური ასამბლეის სესიებში როგორც სსრკ-ს დელეგაციის წევრი. აირჩიეს გაეროს სპეციალური კომიტეტის წევრად, სადაც აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა  საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების შემუშავებაში.   გარდაიცვალა 2006 წელს ქალაქ მოსკოვში.  

ვიქტორ ჩხიკვაძე ავტორია 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა სისხლის სამართლის, სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის, კრიმინოლოგიისა და საერთაშორისო სამართლის სფეროში.  მისი რედაქტორობით გამოიცა სამტომიანი კურსი „სოციალისტური სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია“, რომელსაც აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს. იგი  ავტორია ისეთი მნიშვნელოვანი მონოგრაფიებისა, როგორიცაა "ჰუმანიზმი, მშვიდობა, პიროვნება: სსრკ-ს წვლილი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში" (1981), "ადამიანის უფლებათა სოციალისტური კონცეფცია" (1986 წ.), „სოციალისტური ჰუმანიზმი და ადამიანის უფლებები“ (1978), „სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლა“ (1939),  „სახელმწიფო. დემოკრატია. კანონიერება“ (1967) „ბრძოლა მშვიდობისთვის - თანამედროვეობის დაუძლეველი მოძრაობა“ (1969) და სხვა.  

 ვიქტორ ჩხიკვაძე იყო შედარებითი სამართლის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, უნგრეთის, პოლონეთის, რუმინეთის და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მრჩეველი.  იგი იყო არაერთი ჯილდოს, პრემიების და პრიზების მფლობელი.  დაჯილდოებული იყო ექვსი ორდენით, ასევე არაერთი უცხო ქვეყნისა და უნივერსიტეტების მედლებით.  მშვიდობაში შენარჩუნებაში შეტანილი დიდი წვლილის გამო მინიჭებული ჰქონდა მსოფლიო მშვიდობის საბჭოს ოქროს მედალი. 

მშვიდობის საკითხს მიუძღვნა მან თავისი ცნობილი ნაშრომი „ბრძოლა მშვიდობისათვის - თანამედროვეობის დაუძლეველი მოძრაობა“ (1969).  ამ ნაშრომში ვიქტორ ჩხიკვაძე ისტორიულ ჭრილში აანალიზებს მშრომელთა ბრძოლას მშვიდობისათვის და აფიქსირებს მოსაზრებას, რომ კლასობრივი საზოგადოებისათვის დამახასიათებელია მუდმივი ომები, რაც აფერხებდა სოციუმის პროგრესს და განვითარებას.  მუდმივი ომების გამო, მსოფლიო მშვიდობის დამყარების იდეა ინტელექტუალების და ცნობილი მოაზროვნეების მთავარი საზრუნავი და საფიქრალი გახდა.  დამპყრობლური ომების წინააღმდეგ ხმა აიმაღლა არაერთმა ჰუმანისტმა და საზოგადო მოღვაწემ.  შემუშავებულ იქნა არაერთი მშვიდობის პროექტი, რომელიც დეტალურად აქვს გაანალიზებული ვიქტორ ჩხიკვაძეს თავის ნაშრომში.   

 ვიქტორ ჩხიკვაძეს აზრით სახელმწიფო თანამედროვე ეპოქაში გადაიქცა „ომის მონსტრად“, „ურჩხულად“, რომელიც მილიონობით ადამიანს ანადგურებს საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად.  ომებმა ზოგადსაკაცობრიო, გლობალური ხასიათი შეიძინა და მთელი მსოფლიო მოიცვა.  ვიქტორ ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით დესტრუქციულია თანამედროვე ეპოქის ომები, რომლებსაც შეუძლიათ უდიდესი მსხვერპლის გამოწვევა და უზარმაზარი ზიანის მიყენება მსოფლიოსთვის.  ბირთვული ომი მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს და გაანადგურებს მსოფლიოს ფლორასა და ფაუნას.  ვიქტორ ჩხიკვაძეს აზრით თუ ადრე კაცობრიობა იბრძოდა იმისათვის, რომ ომი უფრო ჰუმანური გაეხადა, ამჟამინდელი თაობის მიზანი უფრო გრანდიოზულია - ისინი იბრძვიან იმისათვის, რომ მოხდეს ომების საერთოდ აკრძალვა. 


bottom of page