top of page

Gela Charkviani

ცნობილი ქართველი პუბლიცისტი, დიპლომატი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი - გელა ჩარკვიანი დაიბადა 1939 წლის 1 მარტს ქალაქ თბილისში კანდიდ ჩარკვიანისა და თამარ ჯაოშვილის ოჯახში. მას მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მას შემდეგ რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.  

როდესაც გელა ჩარკვიანი ქვეყანას მოევლინა, მამამისს იმ დროს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობა ეკავა, დედა კი ოფთალმოლოგი იყო.  კანდიდ ჩარკვიანი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა შვილების აღზრდისა და მათთვის სრულფასოვანი განათლების მინიჭების საკითხს.  სკოლაში გელა ჩარკვიანის თანაკლასელები იყვნენ შემდგომში ცნობილი პიროვნებები: იყო ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გურამ დოჩანაშვილი. მიუხედავად თანაკლასელების დისიდენტური განწყობებისა, ჩარკვიანი თავს ოპოზიციონერად არ თვლიდა, მაგრამ დიდ ინტერესს ავლენდა დასავლური კულტურის და ცივილიზაციის მიმართ. 

 სკოლის დამთავრების შემდეგ გელა ჩარკვიანი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა და მისი პირველი ექსპერიმენტები როკმუსიკაში სწორედ ამ დროიდან იწყება.  შემდეგ მან სწავლა განაგრძო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ინსტიტუტში, რომელიც 1963 წელს დაამთავრა.  1970 წელს ერთი წელი სწავლობდა მიჩიგანის უნივერსიტეტში, ენ არბორში (აშშ).   ჩარკვიანის აზრით, სტაჟირებამ შეერთებულ შტატებში დიდი გავლენა იქონია მის სოციალურ და პოლიტიკურ შეხედულებებზე და მის მსოფლმხედველობაზე. 

სტაჟირების დასრულების შემდეგ გელა ჩარკვიანი სამუშაოდ მიიწვიეს უცხო ენების ინსტიტუტში ინგლისური ენის მასწავლებლად და ამ თანამდებობაზე მუშაობდა 1995 წლამდე.  ამ პერიოდში მან დაწერა პროგრამა „მხარეთმცოდნეობა,“ რომელიც აღწერდა დასავლეთის ქვეყნების სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ძირითად სოციოლოგიურ კონცეფციებს. ეს კურსი დიდი პოპულარობით სარგებლობდა  და გელა ჩარკვიანის ლექციებს სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც ხშირად ესწრებოდნენ.   

1976-1994 წლებში გელა ჩარკვიანი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში და მიჰყავდა საავტორო გადაცემა „გლობუსი“.  1992 -2003 წლებში გელა ჩარკვიანი იყო საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკურ საკითხებში  და მონაწილეობდა სახელმწიფოს მეთაურის ყველა  მოლაპარაკებაში.  ჩარკვიანი ამავე დროს ასრულებდა თარჯიმნის ფუნქციას ედუარდ შევარდნაძისათვის. 

1995 წლიდან გელა ჩარკვიანი მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსად.  2003 წელს შევარდნაძის გადადგომის შემდეგ, ჩარკვიანმა მუშაობა განაგრძო საგარეო პოლიტიკის მრჩევლად და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ბურჯანაძის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსად. გელა ჩარკვიანმა თანამდებობა დატოვა 2004 წლის 2 იანვარს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიგდო ძალაუფლება ხელში.  2005 წელს გელა ჩარკვიანი დაინიშნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერად.  ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს, მან მონაწილეობა მიიღო არაერთი საგარეო პოლიტიკური საკითხის გადაწყვეტაში.  

2006 წელს ჩარკვიანების ოჯახში ტრაგედია მოხდა: 45 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა მისი ვაჟი ირაკლი, ცნობილი ქართველი პოეტი და როკმუსიკოსი. 

ტრაგედიის შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გელა ჩარკვიანს შესთავაზა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. ჩარკვიანმა შეთავაზება მიიღო და მეუღლესთან ერთად ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად.  ელჩის  თანამდებობაზე მან სამი წელი იმუშავა.  ელჩის პოსტის დატოვების შემდეგ, ლონდონში კიდევ ორი ​​წელი მუშაობდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად, საბოლოოდ კი დიპლომატიური საქმიანობა 2011 წელს შეწყვიტა.

პენსიაზე გასვლის შემდეგ გელა ჩარკვიანი ეწეოდა შემოქმედებით საქმიანობას: აქვეყნებდა წიგნებს და ქმნიდა სამეცნიერო ნაშრომებს.  მისი რედაქტორობით გამოიცა წიგნი „სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები“, რომელიც შედგენილია მამის კანდიდ ჩარკვიანის წერილობითი მოგონებების საფუძველზე. მან ასევე დაწერა მემუარული ჟანრის ნაწარმოები, ავტობიოგრაფიული რომანი "ნაცნობი ქიმერათა ფერხული", რომელიც თარგმნილია ინგლისურ ენაზე შემდეგი სათაურით "Eleven Years by Shevy's Side".  ამ წიგნში ჩარკვიანი აღწერს შევარდნაძესთან მუშაობის პერიოდს, როდესაც ის იყო სახელმწიფოს მეთაურის მრჩეველი.   2013 წელს გელა ჩარკვიანმა  გამოსცა წიგნი სათაურით „ინტერვიუ მამასთან“, რომელშიც აღწერს საქართველოს მდგომარეობას სტალინის ერთპიროვნული მმართველობის პერიოდში, ასევე გვიხატავს სტალინის ფსიქოლოგიურ პორტრეტს.   მამამისი, კანდიდ ჩარკვიანი იხსენებს სტალინთან და ბერიასთან გატარებულ წლებს და აღწერს მათ ფსიქოლოგიურ ნიშან-თვისებებს.   2018 წელს გელა ჩარკვიანმა გამოაქვეყნა წიგნი ი სათაურით „იმ დროს: 70 ამბავი“.  ამ წიგნში ჩარკვიანი აღწერს   საბჭოთა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებას და გვიხატავს საბჭოთა წყობილების ბნელ მხარეებს. 

როგორც გელა ჩარკვიანი   თავის ნაწარმოებებში აღნიშნავს, პროლეტარიატის დიქტატურა საბჭოთა კავშირში გადაიქცა ბიუროკრატიის დიქტატურად, ხოლო ყოფილი პროლეტარები გახდნენ პირწავარდნილი ბიუროკრატები. ქვეყანაში ჩამოყალიბდა ახალი კლასი - პარტიული ბიუროკრატია და დამკვიდრდა ერთპარტიული სისტემა.  პარტიული ბიუროკრატია ახორციელებდა ტოტალურ კონტროლს საბჭოთა მოქალაქეზე, აკონტროლებდა მისი ცხოვრების ყველა სფეროს.  ის განსაზღვრავდა, თუ როგორ უნდა ეცხოვრა ადამიანს სსრკ-ში: რა უნდა წაეკითხა, რომელი მუსიკისათვის მოესმინა, რა ამბები უნდა გაეგო და რა არა, როგორი ცხოვრების სტილი უნდა შეერჩია და ა. შ.

ამგვარ სისტემაში სასტიკად ისჯებოდა რეჟიმის კრიტიკა, პესიმიზმი და უკმაყოფილება. უკმაყოფილების გამოვლენა საბჭოთა რეჟიმის მიმართ ღალატის ტოლფასი იყო და ამისათვის ადამიანი სასტიკად ისჯებოდა.  ყველა ფენა ვალდებული იყო ექო და ედიდებინა საბჭოთა რეჟიმი და პარტიული ბიუროკრატია.  ხალხი სიმღერებით, ლექსებით ხოტბას ასხამდა საბჭოთა რეჟიმს და ვერავინ ვერ ბედავდა მმართველი ელიტისთვის წინააღმდეგობის გაწევას.  

გელა ჩარკვიანის აზრით, საბჭოთა საქართველოს მდგომარეობა ძალიან ჰგავდა კასტრირებული კატის პოზიციას (ის საბჭოთა საქართველოს თავის კასტრირებულ კატას ადარებდა).  მართალია ამგვარ კატას დაკარგული ჰქონდა გამრავლების ფუნქცია და კასტრირებული იყო, მაგრამ სამაგიეროდ არ ესაჭიროებოდა თავის გადარჩენისათვის დაუნდობელ ბრძოლაში ჩაბმა.  ის ფუფუნებაში ცხოვრობდა და მისი მატერიალური მდგომარეობა კარგი იყო.  მას არ სჭირდებოდა ბუნებრივი შერჩევის უმოწყალო კონკურენციაში მონაწილეობის მიღება. ასეთი იყო პოლიტიკურად კასტრირებული საქართველოს მდგომარეობა.   საქართველო „Большая шашлычная“-დ იყო ქცეული და ქართველებსაც ქეიფისა და დროსტარების მეტი სხვა საზრუნავი არა ჰქონდათ რა.  პოლიტიკურად კასტრირებული საქართველო ლაღად ცხოვრობდა და აღარც ახსოვდა, რომ ერის მთავარი ფუნქცია - სახელმწიფოებრიობის საშუალებით საკუთარი ბედის განკარგვაა. დამონებული და დაპყრობილი საქართველო მოსკოვიდან იმართებოდა და კრემლი წყვეტდა მის ბედს.  

გელა ჩარკვიანის წიგნები ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაწვდის როგორც საბჭოთა საქართველოში არსებული ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ვითარების შესახებ, ასევე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და გამოწვევების შესახებ.      

 გელა ჩარკივანი 2021 წლის 9 ნოემბერს თბილისში გარდაიცვალა. ის საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლისა და შვილის გვერდით არის დაკრძალული.  


bottom of page