Jermen Gvishiani
პროფესორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, სოციოლოგი, მენეჯმენტის სპეციალისტი - ჯერმენ გვიშიანი დაიბადა ახალციხეში 1928 წელს. ჯერმენ გვიშიანის მამა - მიხეილ გვიშიანი უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო.
ჯერმენ გვიშიანი იყო ალექსი კოსიგინის (საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1964-1980 წლებში) სიძე. 1948 წელს ცოლად შეირთო კოსიგინის ქალიშვილი - ლიუდმილა.
1951 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი. 1951-1955 წლებში მსახურობდა საზღვაო ძალებში. პროფესორ ოიზერმანის ხელმძღვანელობით დაამთავრა ასპირანტურა. 1960-1968 წლებში ეწეოდა სამეცნიერო -პედაგოგიურ საქმიანობას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.
გვიშიანი იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის, შვედეთის სამეფო საინჟინრო აკადემიის, ფინეთის საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პრაღის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის საპატიო დოქტორი. ის იყო ასევე, მენეჯმენტის საერთაშორისო აკადემიის, ამერიკის მენეჯმენტის ასოციაციის, რომის კლუბის წევრი. ის გამოყენებითი სისტემების ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი და საპატიო მკვლევარი.
საბჭოთა პერიოდში გვიშიანი მუშაობდა სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, სახელმწიფო დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ და გაეროს მრჩეველთა კომიტეტის წევრად სამეცნიერო და ტექნიკური გამოგონებების დანერგვის მიმართულებით. 1977 წლიდან იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სისტემური ანალიზის ინსტიტუტის დირექტორი.
ჯერმენ გვიშიანი არის მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორი ფილოსოფიის, სოციოლოგიის და მენეჯმენტის სფეროში. მათ შორისა: "მართვის თეორიის ძირითადი პრინციპები", "ბიზნესის სოციოლოგია", "მეცნიერების სოციალური როლი და სამეცნიერო თეორია", "მეცნიერული და ტექნოლოგიური რევოლუცია და სოციალური ცვლილებები“, „ორგანიზაცია და მართვა“.
მეცნიერული და აკადემიური საქმიანობის გარდა, დაინტერესებული იყო ხელოვნებითა და მუსიკით. უყვარდა მუსიკა, მშვენივრად უკრავდა ფორტეპიანოზე და ქმნიდა მუსიკალურ ნაწარმოებებს.
ჯერმენ გვიშიანის წვლილი საბჭოთა და რუსულ მეცნიერებაში ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შეფასებული. მან დიდი შრომა გასწია იმისათვის, უფრო მეტი ყურადღება დათმობოდა მენეჯმენტისა და სოციოლოგიის მეცნიერულ შესწავლას სსრკ-ში.
ჯერმენ გვიშიანს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა არა მარტო რუსულ სამეცნიერო ელიტასთან, არამედ ბევრ ცნობილ უცხოელ ინტელექტუალთან. მისმა ფუნდამენტურმა მონოგრაფიამ
მისმა ნაშრომმა „ორგანიზაცია და მართვა“ მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ნაშრომში გვიშიანი კრიტიკულად აანალიზებს მენეჯმენტის და მართვის ყველა ძირითად მიმართულებას და სკოლას. ამისთვის მას დასჭირდა დიდი რაოდენობით წყაროების და ლიტერატურის გაანალიზება. ის თვლიდა, რომ საჭირო იყო კრიტიკული შესწავლა დასავლური გამოცდილებისა მართვისა და მენეჯმენტის დარგში და ამ მხრივ ენერგიას არ ზოგავდა.
თავის შრომებში გვიშიანი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სსრკ-ში არ ტარდებოდა სისტემური სამეცნიერულ-კვლევითი სამუშაოები მართვის თეორიის სფეროში და არასაკმარისად იყო შესწავლილი მენეჯმენტისა და მართვის საკითხები. მართვის გაუმჯობესების მიზნით, ქვეყანაში არ ხდებოდა თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების გამოყენება მენეჯმენტის დარგში. ამის გამო, ორგანიზაციული კულტურისა და ტექნიკური განვითარების დონე ძალზედ დაბალი იყო სსრკ-ში. ის ავითარებს მოსაზრებას, რომ მენეჯმენტისა და მართვის მეცნიერების განვითარების მიზნით საჭიროა ტექნოლოგიურად დაწინაურებული უცხოური ქვეყნების მიღწევების სიღრმისეული შესწავლა და გაანალიზება.
ჯერმენ გვიშიანი გარდაიცვალა 2003 წელს.