top of page

Kakha Katsitadze

კახა კაციტაძე დაიბადა 1959 წელს ქალაქ თბილისში.  სკოლის დამთავრების შემდეგ, 1976 წელს სწავლა განაგრძო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე.  1978 წელს გადაწყვიტა შეეცვალა სპეციალობა და სწავლა განაგრძო ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. 1982-1985 წლებში სწავლობდა  ასპირანტურაში ფილოსოფიის ისტორიის განხრით.  ასპირანტურის წარმატებით დასრულების შემდეგ მას  ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. 1996 წელს კახა კაციტაძემ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „სუბიექტის აქტივობის პრობლემა XVII-XVIII საუკუნეების ევროპულ ფილოსოფიაში“ და მოიპოვა ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.  

1986-1992 წლებში კახა კაციტაძე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტში.  პარალელურად სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ჯერ იყო ფილოსოფიის ისტორიის კათედრის ასისტენტი (1987-1992 წლები), ხოლო შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1988-1993 წლები). 1993 -2006 წლებში იყო დოცენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2006 წლიდან გარდაცვალებამდე ეკავა სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობა თსუ-ში. 

1996 წელს კაციტაძე სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა  გერმანიაში, ქალაქ ვაიმარში, როგორც გოეთეს საზოგადოების სტიპენდიანტი.  1997-1999 წლებში იგი ახალგაზრდა მეცნიერთათვის გამოყოფილ პრეზიდენტის სტიპენდიას იღებდა. 2000-2001 წლებში მან სპეციალური სასწავლო-პრაქტიკული კურსები გაიარა ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპული უსაფრთხოების კვლევის ცენტრში (გფრ), ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის ადმინისტრაციულ სკოლასა (აშშ) და საერთაშორისო ინსტიტუტ „პისტარუტში“ (ისრაელი).  

2000-2004 წლებში კაციტაძე მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო პოლიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმვის მთავარი სამმართველოს უფროსად.  2004-2005 წლებში ეკავა თავდაცვის ეროვნული აკადემიის პრორექტორის თანამდებობა.   კახა კაციტაძეს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.  

გამოყოფენ სამ ეტაპს კახა კაციტაძეს ფილოსოფიურ შემოქმედებაში.   ესენია: 1) ადრეული პერიოდი, რომელიც მოიცავს ძირითადად 1980-იან წლებში შესრულებულ სამეცნიერო ნაშრომებს. ამ პერიოდში შესრულებულ ნაშრომებს გერმანული კლასიკური იდეალიზმის დიდი გავლენა ეტყობათ;   2) გარდამავალი პერიოდი (1990-1991 წლები), როდესაც მის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომებში პირველი პერიოდისათვის ნიშანდობლივი თემების პარალელურად ჩნდება ჰაიდეგერთან დაკავშირებული თემებიც; 3) გვიანდელი (ე.წ. „ჰაიდეგერიანული“) პერიოდი (1992-2012 წლები).  ამ პერიოდში გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები, რომლებშიც მკაფიოდ იგრძნობა მე–20 საუკუნის უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსის, ჰაიდეგერის იდეების ძლიერი ზეგავლენა.  ამ პერიოდში ჰაიდეგერის ფილოსოფია იყო კახა კაციტაძეს ძირითადი კვლევისა და შესწავლის საგანი.    

 გარდა ფილოსოფიური ხასიათის ნაშრომებისა, კახა კაციტაძეს ასევე, გამოქვეყნებული აქვს ისეთი ფუნდამენტური შრომები სამხედრო სფეროში როგორებიცაა: „სტრატეგიის საფუძვლები“ (2007 წ.) და “HOMO MILITARIS (ადამიანი მეომარი)“ (2011).  მან დიდი დრო და ენერგია დაუთმო სამხედრო საქმის თეორიული ასპექტების შესწავლას.  „სტრატეგიის საფუძვლები“  ითვლება სამხედრო სფეროში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ყველაზე ვრცელ და ფუნდამენტურ ნაშრომად, რაც კი ქართულ ენაზე შექმნილა სულ მცირე ბოლო 50 წლის განმავლობაში მაინც.  კახა კაციტაძეს წიგნი „სტრატეგიის საფუძვლები“ ორიგინალური ნაშრომია იმ მხრივ, რომ ის სტრატეგიის სისტემური შესწავლის პირველი ნიმუშია საქართველოს ისტორიაში.

კახა კაციტაძემ ვერ მოასწრო თავისი ბოლო ნაშრომის - “HOMO MILITARIS (ადამიანი მეომარი)“ -ის განვრცობა და ახალი ტომების გამოცემა.  იგი  გარდაიცვალა 2012 წლის 30 იანვარს. მისი სახელი მიანიჭეს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას.  


bottom of page