top of page

Mikheil Akhmeteli

პოლიტიკოსი, ცნობილი ისტორიკოსი და ფილოლოგი მიხეილ ახმეტელი დაიბადა 1895 წელს ბორჯომში. მისი მამა, კონსტანტინე ახმეტელი (1869–1934)  ქიზიყიდან, სოფელ ანაგიდან იყო. იგი კახეთში ფრიად დაფასებული სასულიერო პირის, გიორგი მღვდლის უფროსი ვაჟი გახლდათ. კოტე ახალგაზრდობაში დიდი მთავრის, მიხეილ რომანოვის სამსახურში ჩამდგარა, რომელიც გარკვეულ დროს ბორჯომში, ლიკანის რეზიდენციაში ატარებდა. აქ გაიცნო მან მომავალი მეუღლე, ბორჯომში ცნობილი ოჯახის შვილი, ოლღა ჯომარჯიძე (1874–1942). ახალგაზრდები შეუღლდნენ და გარკვეული ხნის შემდეგ თბილისში დასახლდნენ. კოტემ მუშაობა დაიწყო  რკინიგზის დეპარტამენტში. შეეძინათ ოთხი ქალიშვილი და ორი ვაჟი. მიხეილი მათ შორის უფროსი იყო.

მიხეილ ახმეტელმა 1914 წელს დაასრულა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია. 1915–1917 წლებში სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1917 წლიდან აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჯერ კიდევ ხარკოვის უნივერსიტეტში სწავლისას დაწერა მან თავისი პირველი პოლიტოლოგიური ნაშრომი – „დამოუკიდებელი საქართველო“. ნაშრომში იგი მეცნიერული ანალიზის საფუძველზე აკეთებდა დასკვნას –  რუსეთის იმპერიის დანგრევა გარდაუვალია, საქართველოსთვის კი ერთადერთი ხსნა დამოუკიდებლობის მოპოვებაა. 1919 წელს სპირიდონ კედიას რჩევით იგი გერმანიაში გაემგზავრა  და იენის  უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. საქართველოს გასაბჭოებამდე იგი სამთავრობო სტიპენდიას იღებდა.

1924 წელს დაამთავრა იენის უნივერსიტეტი და მცირე ხნის შემდეგ იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ეკონომიკის დარგში  – „ამიერკავკასიის ეკონომიკური მნიშვნელობა“. 1925 წლიდან ახმეტელი შეუდგა აგრარულ მეცნიერებათა შესწავლას. 1926 წელს  ბრესლაუში (ამჟამინდელი  ვროცლავი) გადავიდა საცხოვრებლად და ბრესლაუს უნივერსიტეტის პრივატ–დოცენტი გახდა. სწორედ იქ გაიცნო მან ვალტერ გელენი, ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (ბნდ) მომავალი დამაარსებლის, რაინჰარდ გელენის მამა. ამ ნაცნობობამ მისი შემდგომი ბედიც დიდად განსაზღვრა. ვალტერ გელენს ბრესლაუში პატარა გამომცემლობა ჰქონდა. ახალგაზრდა ახმეტელმაც  მას მიმართა და წიგნის გამოქვეყნებაში დახმარება სთხოვა. წიგნი  საქართველოში 1920–21 წლებში დატრიალებულ მოვლენებს ეძღვნებოდა. ახმეტელმა  ამ პროცესების ამომწურავი ანალიზი გააკეთა. გელენს გავლენიანი კავშირები ჰქონდა გერმანულ ანტიკომუნისტურ წრეებში.  მისი რეკომენდაციით, მიხეილი ბრესლაუს აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი გახდა. 

1927 წელს იგი აირჩიეს ბრესლაუს აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის ნამდვილ წევრად და აქტიურად შეუდგა აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა იმპერიის აგრარული პოლიტიკის შესწავლას. იმავდროულად სწავლობდა ბოლშევიზმის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, დაპყრობილ ერთა მდგომარეობას საბჭოთა კავშირში. 1932 წელს მან ბრწყინვალედ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ამჯერად სოფლის მეურნეობის დარგში და გამოიკვეთა როგორც ერთ-ერთი ყველაზე მცოდნე ექსპერტი ამიერკავკასიის საკითხებში.

1937 წელს მიხეილ ახმეტელი დანიშნეს გერმანიაში სოვეტოლოგიისა და პოლიტოლოგიის ერთ–ერთი უმთავრესი სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის, ბრესლაუს აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის დირექტორად. პარალელურად 1939 წლიდან იგი მიიწვიეს  ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ორდინალურ პროფესორად. აქ იგი უძღვებოდა საბჭოთა აგრარული პოლიტიკის კურსს.

პროფესორ მიხეილ ახმეტელს ეკუთვნის ასამდე სტატია საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის აგრარული პოლიტიკის, ბოლშევიზმის ისტორიის, საბჭოთა იმპერიაში შემავალ ერთა პოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. მან გამოსცა ხუთი ფუნდამენტური მონოგრაფია. ფართოდაა ცნობილი და დასავლეთის პოლიტოლოგიურ წრეებში დღესაც პოპულარობით სარგებლობს მისი სამასგვერდიანი მონოგრაფია – „აგრარული პოლიტიკა საბჭოთა კავშირში და მისი შედეგები“ (1942 წ., ბერლინი). მასში ავტორი დეტალური ანალიზის საფუძველზე ამტკიცებს საბჭოთა აგრარული იმპერიული პოლიტიკის სრული ფიასკოს გარდუვალობას.

1953 წელს „ბოლშევიკებისაგან გათავისუფლების ამერიკის კომიტეტმა“ გადაწყვიტა მიხეილ ახმეტელის ჩართვა მათ მიერ შექმნილ ორგანიზაციაში „სსრ კავშირის შემსწავლელ ინსტიტუტში“, რომლის შტაბ-ბინაც განთავსებული იყო მიუნხენში. ახმეტელმა თავისი პირობები წამოაყენა: ის უნდა დარწმუნებულიყო ამერიკელთა პოლიტიკაში, რომლის მიზანიც საბჭოთა რუსეთის დაშლა იყო. ამ შემთხვევაში ამერიკელებს უნდა ეცნოთ და მხარი დაეჭირათ სსრკ–ის დაშლის მისეული ვარიანტისთვის და მეორეც - მათ უნდა ეცნოთ კავკასია სუვერენულ და თავისუფალ სახელმწიფოდ.

1953–1954 წლებში მიუნხენში ჩამოყალიბდა „კავკასიის დამოუკიდებლობის ინსტიტუტი“. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ ახმეტელი ამ ორგანიზაციის მმართველ ორგანოში არ შედიოდა და მხოლოდ მრჩევლის სტატუსით შემოიფარგლებოდა, მან დიდი როლი ითამაშა მის შექმნაში. პირადად შეადგინა „კავკასიის დამოუკიდებლობის ინსტიტუტის დეკლარაცია“, შეიმუშავა წესდების პროექტი, ამზადებდა წინასწარ მოხსენებებს ამ ორგანიზაციის დამფუძნებელთა მოკლე წრისათვის მომავალი „დამოუკიდებელი კონფედერაციული კავკასიის“ შექმნისთვის.

სამეცნიერო და პოლიტიკური მოღვაწეობის პარალელურად მიხეილ ახმეტელი ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც აქტიურად მონაწილეობდა. 1939 წელს ის ქართული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე იყო. საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დროს მან და მისმა თანამებრძოლებმა გერმანული საკონცენტრაციო ბანაკებიდან უამრავი ქართველი იხსნეს,  ლეგიონერის ფორმა ჩააცვეს და გარდაუვალ სიკვდილს გადაარჩინეს. იგი იყო გერმანიაში ქართული სათვისტომოს გამგეობის უცვლელი წევრი. 

მიხეილ ახმეტელი 1963 წელს, 68 წლის ასაკში,  მიუნხენში გარდაიცვალა,  დაკრძალულია მიუნხენის სასაფლაოზე.

ლიტერატურა:

  1. ურუშაძე ლ. მიხეილ ახმეტელი ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, თბილისი, 2005;

  2. ნიჟარაძე .  პროქართული კავკასიური პროექტისა და გავლენიანი ქართველების შესახებ , თბილისი, 2014;

  3. არველაძე ნ.  გიორგი მღვდლის ჯალაბობა ახმეტელები ასწლიან ომში. თბილისი, 2006;

  4. არველაძე ნ. ახმეტელები საქართველოსთვის 1918-1921, 2018.


bottom of page