top of page

Victor Chkhikvadze

საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და ნამდვილი წევრი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ივერი ფრანგიშვილი დაიბადა   1930 წლის 6 ივნისს  სამტრედის რაიონის სოფელ დიდ-ჯიხაიშში. 1949 წელს დაამთავრა თბილისის მე-12 საშუალო სკოლა. 1952 წელს ი. ვ. ფრანგიშვილმა დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი.  1952-1953 წლებში მუშაობდა „ჰიდროენერგოპროექტში“ ინჟინერ-მაპროექტირებლად.  

1955 წელს ჩაირიცხა სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში და 1959 წელს მოიპოვა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1968 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებებში. 1969 წელს მას  პროფესორის წოდებამ იანიჭეს. 

სადოქტორო დისერტაციის დაცვისთანავე ის ხდება ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტის წამყვანი ინჟინერი. 1970 წელს დაინიშნა დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში, ხოლო 1987 წელს აირჩიეს და დაამტკიცეს სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტის დირექტორად.  

1979 წელს ი. ვ. ფრანგიშვილი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, 1980 წელს მიენიჭა რსფსრ-ს „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დამსახურებული მუშაკის“  წოდება.  ივერი  ფრანგიშვილი იყო ცნობილი სპეციალისტი ინფორმატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში. გამოქვეყნებული აქვს 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 15 მონოგრაფია,  არის 50  გამოგონების ავტორი.

ი. ვ. ფრანგიშვილის  სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად დაკავშირებული იყო სისტემურ თეორიასთან, სისტემურ ანალიზთან (ამ სფეროში გამოქვეყნებული ჰქონდა სამი მონოგრაფია).  1970-იან და 1980-იან წლებში ივერი ფრანგიშვილმა შეიმუშავა თეორიული საფუძვლები და პრინციპები  ახალი კლასის პარალელური და გარდაქმნადი მრავალპროცესორიანი მმართველი გამოთვლითი სისტემების შესაქმნელად.  ამ თეორიების ბაზაზე და მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა კომპიუტერული სისტემები PS-2000, PS-2001, PS-3000, რომლებიც ფართოდ გამოიყენება გეოფიზიკაში, ჰიდროაკუსტიკაში, კოსმოსური ინფორმაციის დამუშავებასა და ეროვნული ეკონომიკის სხვა სექტორებში.  ივერი ფრანგიშვილის  თეორიული კვლევის შედეგები განხილული და გაანალიზებულია მის მიერ გამოქვეყნებულ არაერთ მონოგრაფიაში.

ი. ვ. ფრანგიშვილის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით შემუშავდა მოძრავი ობიექტების აღმოჩენისა და ამოცნობის ახალი (ფონური) პრინციპი. ეს პრინციპი წარმატებით გამოიყენება ფსიქოლოგიაში, მედიცინაში, ბიოლოგიაში და სხვა დისციპლინებში. 

ი. ვ. ფრანგიშვილი იყო რამდენიმე უცხოური აკადემიის ნამდვილი წევრი, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

ივერი ფრანგიშვილი გულისტკივილით ადევნებდა თვალს საქართველოში დეინდუსტრიალიზაციის პროცესს და თვლიდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული ზომები უნდა მიეღო ამ პროცესის შესაჩერებლად.  მას საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტად ყოფნა ურთულეს პერიოდში მოუწია, როდესაც ქვეყნის სამრეწველო პოტენციალი მკვეთრად დაეცა და ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი შეიქმნა.  მას ჰქონდა საკუთარი ხედვა, თუ როგორ უნდა გამოსულიყო საქართველო მწვავე ეკონომიკური კრიზისიდან და თვლიდა, რომ მეცნიერების და მრეწველობის სინთეზი ქვეყნის განვითარების და აღმავლობის მთავარი საწინდარი უნდა გამხდარიყო.  ივერი ფრანგიშვილი ქვეყნის განვითარების უმთავრეს პირობად მრეწველობის აღორძინებას  მიიჩნევდა და თვლიდა რომ ქვეყნის ხელისუფლებას ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგა.   ის ხელისუფლებას მოუწოდებდა რომ შეექმნა კონკრეტული სამრეწველო პოლიტიკა და ამ პოლიტიკის რეალიზაციისთვის ეფექტური მექანიზმები შეემუშავებინა.  ივერი ფრანგიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს საინჟინრო აკადემიამ შეიმუშავა პრაქტიკული წინადადებები და რეკომენდაციები  ქვეყანაში დეინდუსტრიალიზაციის პროცესის შესაჩერებლად.  

საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრების აქტიური ძალისხმევით შემუშავდა რიგი მიზნობრივი პროგრამებისა, რომელთა იმპლემენტაციით ქვეყანას შეეძლო თავი დაეღწია მწვავე ეკონომიკური კრიზისისათვის, მაგრამ ხელისუფლების უუნარობის გამო ვერ მოხერხდა ამ პროგრამებზე მუშაობის დაწყება.  ეკონომიკის სამინისტროს არ გააჩნდა სისტემური მიდგომა და საშუალებები აღმშენებლობითი ხასიათის პროექტების დაფინანსებისა და განხორციელებისათვის.    

ივერი ფრანგიშვილი გარდაიცვალა 2006 წელს.  დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.    ივერი ფრანგიშვილი იყო არაერთი ჯილდოსა და პრიზის მფლობელი.  სამეცნიერო და სამრეწველო საქმიანობაში დიდი მიღწევებისთვის ივერი ფრანგიშვილი დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორი, მეგობრობის, ღირსების ორდენებითა და მრავალი მედლით.


Victor Chkhikvadze

The project “Field Navigator of Political Science” is supported by Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (SRNSFG) SPG-22-854

  • Facebook
  • YouTube
bottom of page