top of page

Alexander Chikvaidze

ცნობილი დიპლომატი და  სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (1992-1995) ალექსანდრე ჩიკვაიძე დაიბადა 1932 წლის 19 იანვარს ქალაქ თბილისში.  1955 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.   1979 წელს - სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია.  შემდეგ - სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, სადაც მოიპოვა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 

1967-1969 წლებში იყო  სსრკ-ს გენერალური საკონსულოს ვიცე-კონსული ბომბეიში.   1969-1973 წლებში ეკავა დიდ ბრიტანეთში სსრკ-ს საელჩოს პირველი მდივნის თანამდებობა.  1973-1979 წლებში მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე საქართველოს პარტიულ და სახელმწიფო ორგანოებში. 1979-1983 წლებში იყო სსრკ-ს გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში.  1983 წელს მიენიჭა სსრკ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის წოდება. 1983-1985 წლებში სსრკ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩად იყო მივლინებული კენიაში, შემდეგ - სსრკ-ს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს გარემოს დაცვის ორგანიზაციაში (UNEP) და გაეროს ადამიანთა დასახლებების ცენტრში  (UN-Habitat).  1985-1989 წლებში სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის დიპლომატიური პერსონალის განყოფილების  უფროსი იყო.  1989-1992 წლებში მუშაობდა სსრკ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნიდერლანდებში. 1992-1993 წლებში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი იყო,  ხოლო 1992-1995 წლებში - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ებარა.  1996-2003 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთში,  2003-2006 წლებში - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და წმინდა საყდარში (2004 წლამდე) და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ქალაქ ჟენევაში.

2006 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისში, იყო საქართველოს დიპლომატიური აკადემიის საპატიო პრეზიდენტი. ალექსანდრე ჩიკვაიძეს ძალზე უყვარდა ჭადრაკი, მეგობრობდა მსოფლიო ჩემპიონთან, გარი კასპაროვთან. იყო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა (1974-1978) და სსრკ-ს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (1986-1988).  

ალექსანდრე ჩიკვაიძე მაღალი რანგის საბჭოთა დიპლომატად ითვლებოდა სსრკ-ში, რაც ეროვნებით ქართველი კაცისათვის დიდი მიღწევა იყო. როგორც ალექსანდრე ჩიკვაიძე აღნიშნავს, მის მიერ გამოქვეყნებულ წიგნში „პოლიტიკური ჭადრაკი“ მაღალ დიპლომატიურ თანამდებობებს იშვიათად იმეტებდნენ ქართველებისთვის და საერთოდ, სხვა ეროვნების წარმომადგენლებისთვის.   საბჭოთა დიპლომატიური სამსახური მხოლოდ პოლიტიკური ელიტისთვის იყო განკუთვნილი და პროვინციის წარმომადგენელს ნაკლები შანსი ჰქონდა. 

ალექსანდრე ჩიკვაიძემ თავისი დიდი პროფესიონალიზმის და  ცოდნის წყალობით შეძლო ასეთი რთული მისიის შესრულება და საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე დიპლომატიური საქმიანობის განხორციელება. როგორც ალექსანდრე ჩიკვაიძე აღნიშნავს, არარუს დიპლომატს ყველა გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა და  პატარა შეცდომასაც კი არ პატიობდნენ.  ამიტომაც, არარუს დიპლომატს მუდამ სიფხიზლე მართებდა.  ის გაათკეცებული მონდომებით უნდა მოკიდებოდა თავის საქმეს  და ღრმა პროფესიონალიზმი  გამოეჩინა თავისი საქმიანობის განხორციელების დროს.  რუსისათვის მისატევებელს ქართველს, სომეხს, აზერბაიჯანელს ან უზბეკს არავინ აპატიებდა.  ალექსანდრე ჩიკვაიძემ კარგად იცოდა, თუ რა ურთულეს პირობებში უწევდა მუშაობა, ამიტომ მუდამ ხვეწდა თავის პროფესიულ უნარ-ჩვევებს და პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას.  

ალექსანდრე ჩიკვაიძეს იმ დროს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად, როდესაც საქართველოს ახალი მოპოვებული ჰქონდა დამოუკიდებლობა.    ქვეყანას არ ჰყავდა პროფესიონალი და გამოცდილი კადრები, საქართველოს პოლიტიკურ ელიტას არ გააჩნდა საგარეო-პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება.  ახლად ფორმირებულ და ჩამოყალიბებულ ქართულ სახელმწიფოს, ახლად ფეხადგმული ბავშვივით სტრატეგიული და ტაქტიკური გაურკვევლობის პირობებში უწევდა მოქმედება, საკუთარი ეროვნული ინტერესები ჯერ კიდევ  არ ჰქონდა საკმარისად გაცნობიერებული და არ გააჩნდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია.  ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური ვითარების გამო, ვერ ხერხდებოდა ეფექტური დიპლომატიური კორპუსის შექმნა.  საქართველოში აშკარად იგრძნობოდა დიპლომატიური კადრების ნაკლებობა.  

ალექსანდრე ჩიკვაიძე თავის წიგნში „პოლიტიკური ჭადრაკი“  დეტალურად აღწერს, თუ რა პრობლემებს აწყდებოდა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროფესიონალი კადრების ნაკლებობის გამო.  როგორც ალექსანდრე ჩიკვაიძე აღნიშნავს,  „არ არსებობდა  შესაბამისი გამოცდილება, ტრადიცია და ყველაფერი ათვლის ნულოვანი წერტილიდან უნდა დაწყებულიყო.  იმ პერიოდში საქართველო ფაქტიურად ცაიტნოტში იყო.  დრო არ ითმენდა და არ გვქონდა საელჩოების ნელა, დინჯად დაარსების საშუალება.  ქართულ დიპლომატიურ კორპუსს ცურვა პირდაპირ ზღვაში უნდა ესწავლა.  საგარეო უწყება შეეცადა დაემუშავებინა თეორიული ბაზა, კონკრეტული ქვეყნების სპეციფიკისა და ამ სახელმწიფოებთან მიმართებაში საქართველოს გადაუდებელი ინტერესების სტრატეგიული გეგმა.  ახლადგახსნილ ქართულ საელჩოებს დროის მაქსიმალურად მცირე მონაკვეთში უნდა გაერღვიათ ინფორმაციული ვაკუუმი... საჭირო ხდებოდა ქაართული ინტერესების უცხო ქვეყნის ინტერესებთან უსწრაფესი მისადაგება“ (ჩიკვაიძე, 2004, გვ. 229).

ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური ვითარების გამო (სამოქალაქო ომები, კონფლიქტები, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი) ვერ ხერხდებოდა დიპლომატიური კადრების მომზადება. როდესაც შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა, ყველას ჰქონდა დიდი მოლოდინი, რომ ის შესძლებდა დიპლომატიურ სფეროში არსებული კრიტიკული მდგომარეობის გამოსწორებას.  ყველა მოელოდა რომ საბჭოთა კავშირის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად დიპლომატიას დაასახელებდა და შესაბამის ზომებს მიიღებდა დიპლომატიური კადრების ჩამოსაყალიბებლად. ეს მოლოდინი არ გამართლდა.  როგორც პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი თავის წიგნში, „დიპლომატია“, აღნიშნავს: „იმ დროს არსებული ქაოსური მდგომარეობა ნაკლებად იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მეტი ყურადღება დათმობოდა დიპლომატიის ჩამოყალიბების საკითხებს. საბჭოთა კავშირის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად სწორედ დიპლომატია უნდა ყოფილიყო მიჩნეული, მაგრამ მსგავს გადაწყვეტილებას ადგილი არ ჰქონია, პირიქით, სუბიექტური და პირადული, არასახარბიელო ურთიერთობიდან გამომდინარე, რასაც ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს მეთაურს ე. შევარდნაძესა და  იმდროინდელ საგარეო უწყების ხელმძღვანელს ა. ჩიკვაიძეს შორის, მოჰყვა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე პლანზე გადაწევა.  ნაცვლად ხელის შეწყობისა, დაიწყო დიპლომატიის უსაფუძვლო კრიტიკა და დისკრედიტაცია. ასეთ პირობებში ძნელი იყო ლოიალურობის შენარჩუნება, რაც დიპლომატიაში საკუთარი ხელისუფლებისადმი ერთგულებას ნიშნავს, მისი პოლიტიკური კურსის საერთაშორისო არენაზე გატარებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართული დიპლომატია ახერხებდა ქვეყნისათვის სასარგებლო სამსახურის წარმოებას. სახელმწიფოს პირველი ხელძღვანელის მხრიდან დიპლომატიის იგნორირების  შემთხვევებს სისტემატური ხასიათი ჰქონდა“ (ჭიპაშვილი, 2007, გვ. 48).  

შევარდნაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ჩიკვაიძეს კონკურენტად აღიქვამდა და ამიტომაც არ უქმნიდა ხელსაყრელ პირობებს დიპლომატიურ სფეროში მოღვაწეობისათვის.  ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ „ქვეყნის მეთაურის მხრიდან საგარეო უწყების ხელმძღვანელის აშკარა უგულებელყოფის მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია პრეზიდენტის მიერ მინისტრის დაუკითხავად საზღვარგარეთ ელჩების დანიშვნა, საგარეო საკითხებზე დიპლომატიური გამოცდილების არმქონეთა  დასაქმება.  პრეზიდენტისა და საგარეო უწყების ამგვარი ურთიერთობა 1995 წლის ბოლომდე გაგრძელდა და საგარეო საქმეთა მინისტრის არაობიექტური გათავისუფლებით და მისი საზღვარგარეთ დიპლომატიურ სამსახურში გაგზავნით დამთავრდა“ (ჭიპაშვილი, 2007, გვ. 49). 

 შევარდნაძემ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც პროფესიონალი დიპლომატი ალექსანდრე ჩიკვაიძე გადააყენა და მის ნაცვლად საგარეო საქმეთა მინისტრად ი. მენაღარიშვილი დანიშნა, რომელსაც დიპლომატიური საქმიანობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა.  როგორც ჭიპაშვილი აღნიშნავს, „საგარეო საქმეთა მინისტრად განათლებით ექიმი ი. მენაღარიშვილის მუშაობის პერიოდში ქართული დიპლომატია სამედიცინო კადრებით „გამდიდრდა“, რამაც, ცხადია, ერთობ სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა ქვეყნის დიპლომატია“  (ჭიპაშვილი, 2007, გვ. 47). დიპლომატიური კორპუსი ხშირად კომპლექტდებოდა უცოდინარი და გამოუცდელი კადრებით, რაც ქვეყანას საერთაშორისო არენაზე უდიდეს პრობლემებს უქმნიდა.

მდგომარეობას ის გარემოებაც ართულებდა, რომ საქართველოში არ არსებობდა სპეციალური დიპლომატიური სასწავლებელი.  მაშინ, როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი სახელმწიფოები დიდ ყურადღებას უთმობდნენ დიპლომატიური კადრების მომზადებას და ამ მიზნის მისაღწევად სპეციალურ დიპლომატიურ სასწავლებლებსაც ქმნიდნენ, საქართველოში ამ საკითხს საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას.  არც საქართველოს ხელისუფლებას და არც საგარეო უწყების ხელმძღვანელობას არ გასჩენია დიპლომატიური სასწავლების დაარსების სურვილი. დიპლომატიური კორპუსი არაპროფესიონალებით კომპლექტდებოდა, რაც უდიდეს პრობლემებს უქმნიდა ისედაც გაღარიბებულ და გაღატაკებულ ქვეყანას.  

ალექსანდრე ჩიკვაიძე სინანულით აღნიშნავს: „სამწუხაროდ, საქართველოში დიპლომატთა მომზადების საკითხს აღმასრულებელი ხელისუფლება ერთობ ზერელედ მოეკიდა.  ბუნებრივია, სხვა პრობლემებით დატვირთული, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა და, ამასთანავე, უნიათო მმართველობის გამო, ხელისუფლება ვერ იფიქრებდა პროფესიული დიპლომატიის სრულყოფაზე.  ამ საკითხით საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა დაინტერესებულიყო და, შესაბამისად, ხელისუფლებაც დაეინტერესებინა. ალბათ საგარეო უწყების ხელმძღვანელთა გამოუცდელობას, დიპლომატიაში გაუცნობიერებლობასა და გულგრილობას უნდა მივაწეროთ დიპლომატიური სასწავლებლის საგარეო უწყების შენობიდან გაძევება და უმნიშვნელოვანეს სასწავლო პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმა. თვითდამშვიდება და ქვეყნის მიერ საერთაშორისო არენაზე მკრთალი წარმატების საკუთარ თავზე მიწერა, მოჭარბებული ბაქიბუქობა და განცხადებები, რომ ქართველები ბუნებით ისედაც დიპლომატები არიან და არ სჭირდებათ სპეციალური სასწავლებლები, პროვინციული აზროვნების ნაყოფია და ქართული დიპლომატიის ჩანასახშივე დასამარების მომასაწავებელი გახლდათ “ (ჩიკვაიძე, 2004, გვ. 265). 

ზემოთ დასახელებული შეცდომების გამო, ქართულმა დიპლომატიამ ბევრი დაკარგა, განსაკუთრებით, სრულფასოვანი კადრების მომზადების დარგში.  როგორც ჩიკვაიძე აღნიშნავს, იმ დიპლომატიური კორპუსით, რაც ქვეყანას გააჩნდა, სართაშორისო არენაზე რაიმე მნიშვნელოვანის მიღწევა შეუძლებელი იყო.     

სამწუხაროდ, საქართველოში  სათანადო ყურადღება არ ეთმობა დიპლომატიას და ამ დარგის განვითარებას.  დღემდე ვერ მოხერხდა დიპლომატთა მოსამზადებელი სპეციალური სასწავლებლის დაარსება.  მაშინ, როდესაც თითქმის ყველა პოსტაბჭოურ ქვეყნებში დაარსდა დიპლომატიური სასწავლებელი და დიპლომატიური აკადემია, საქართველოში ამის თაობაზე დებატებიც კი არ იმართება.  საქართველოში აშკარად შეინიშნება დიპლომატიური კადრების დეფიციტი.   

ალექსანდრე ჩიკვაიძეს მიერ აღწერილი პრობლემა დიპლომატიის დარგში, დღემდე არ კარგავს აქტუალურობას ჩვენი ქვეყნისათვის.  საქათველოს დღემდე არ ჰყავს პროფესიონალი კადრები დიპლომატიის სფეროში, მაღალი რანგის დიპლომატები, რის გამოც ქვეყანა ვერ ახერხებს თავისი ეროვნული ინტერესების ეფექტურად დაცვას და საერთაშორისო არენაზე წარმატების მიღწევას.   სამწუხაროა რომ დღემდე ვერ მოხერხდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, მაღალი დონის დიპლომატიური აკადემიის დაარსება საქართველოში.   არაპროფესიონალი კადრებით სახელმწიფო სტრუქტურების დაკომპლექტება დიდ ზიანს აყენებს ჩვენ ქვეყანას და ლახავს  ქვეყნის რეპუტაციასა და პრესტიჟს საერთაშორისო არენაზე.  


bottom of page