Nodar Kikvadze
ნოდარ კიკვაძე დაიბადა 1928 წლის 26 იანვარს. 1945 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის რკინიგზის მე-4-ე საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში. 1950 წელს დაამთავრა ამ ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიის ფაკულტეტი.
1952 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ახალი და უახლესი ისტორიის კათედრაზე. მომდევნო წელს სწავლა განაგრძო მოსკოვში, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტში ცნობილი გერმანისტის, პროფესორ არკადი სამსონის ძე იერუსალიმსკის ხელმძღვანელობით.
1956-1961 წლებში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ეკავა პრორექტორის თანაშემწის თანამდებობა. 1961 წელს დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის უფროს მასწავლებლად.
1968 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „გერმანიის იმპერიალიზმის ექსპანსია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში.“ 1969 წელს იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ისტორიის კათედრის დოცენტად დაინიშნა.
ნოდარ კიკვაძე წლების განმავლობაში ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: კითხულობდა ლექციებს ისტორიის, ჟურნალისტიკისა და დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტებზე ევროპისა და ამერიკის უახლეს ისტორიასა და ქვეყანათმცოდნეობაში, ატარებდა სპეცსემინარებს გერმანიის კოლონიური პოლიტიკის, კოლონიალიზმის, თეორიული პრობლემების კვლევის განხრით, აქვეყნებდა სამეცნიერო სტატიებს თსუ-ს „შრომებში“ და სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში.
1973 წელს დაინიშნა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგედ საერთაშორისო კავშირების დარგში. 1975 წელს აირჩიეს საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, ხოლო 1976 წელს - საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად.
1975 წლიდან იყო მშვიდობის დაცვის საბჭოთა კომიტეტის წევრი. ნოდარ კიკვაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული საკავშირო და საერთაშორისო კონფერენციებსა და ღონისძიებებში. საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას იღებდა როგორც სოციალისტურ ქვეყნებში, ასევე დასავლეთის წამყვან ქვეყნებშიც (აშშ, საფრანგეთი, გფრ, იტალია, ესპანეთი, იაპონია და ა. შ.).
1978 წელს ნოდარ კიკვაძე დაინიშნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრის დირექტორად საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში. ცენტრს მჭიდრო კავშირები ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნების ანალოგიურ ინსტიტუციებთან და აქტიურად თანამშრომლობდა მათთან (ერთობლივი კონფერენციები, სამეცნიერო პროდუქციის გაცვლა). ცენტრის თანამშრომლები ეწეოდნენ აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას და მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა საკავშირო და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში და სიმპოზიუმებში.
1970-1980-იან წლებში ნოდარ კიკვაძე იყო სსრკ-გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიკოსთა კომისიის, საკავშირო აკადემიის საზღვარგარეთული იდეოლოგიური პრობლემების კვლევის, აფრიკის ქვეყნების სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული განვითარების და საბიბლიოთეკო-ინფორმაციული სამეცნიერო საბჭოების წევრი.
ამ პერიოდში სამეცნიერო მოხსენებებით გამოდიოდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უნივერსიტეტებში და მშვიდობის დაცვის კომიტეტის სხდომებზე.
1989 წლიდან მოყოლებული მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპისა და ამერიკის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის პროფესორად. კითხულობდა ლექციების კურსს „მეოცე საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორია და თეორია“; ხელმძღვანელობდა სტუდენტების სამეცნიერო საქმიანობას ამ პროფილით. ის ხელმძღვანელობდა, აგრეთვე მაგისტრანტების სადიპლომო და ასპირანტების საკანდიდატო ნაშრომებზე მუშაობას.
ნოდარ კიკვაძეს გამოქვეყნებული აქვს 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის, ის არის სამი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი ევროპისა და ამერიკის ახალი და უახლესი ისტორიის დარგში. არის ხუთი საერთაშორისო და საკავშირო სამეცნიერო საბჭოების მიერ გამოცემული სხვადასხვა მონოგრაფიის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს დიდი რაოდენობით პუბლიცისტური წერილები საკავშირო და რესპუბლიკურ ჟურნალებსა და გაზეთებში.
ნოდარ კიკვაძე არის არაერთი ჯილდოს, ორდენებისა და მედლების მფლობელი (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ორდენები და მედლები, საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, მშვიდობის დაცვის მსოფლიო საბჭოს და საბჭოთა კავშირის მშვიდობის დაცვის კომიტეტის საპატიო ოქროს მედლები და ღირსების ორდენი.)
ნოდარ კიკვაძე გარდაიცვალა 2008 წლის 12 მაისს.
დაკრძალულია საზოგადო მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში.