top of page

Revaz Gachechiladze

ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტოლოგი - სოსო ცინცაძე დაიბადა 1935 წელს ქალაქ თბილისში.  1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1964-1975 წლებში იყო ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1975-1997 წლებში  ეროვნებათაშორის ურთიერთობათა კვლევის ცენტრის განყოფილების გამგე.  არის ჟურნალ „პოლიტიკის“ მთავარი რედაქტორი და დიპლომატიური აკადემიის რექტორი/დამფუძნებელი.  

სოსო ცინცაძე აქტიურად ეწევა სამეცნიერო საქმიანობას, აქვეყნებს ნაშრომებს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში.  სოსო ცინცაძე ასევე დიდ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიური საკითხების შესწავლას და ჩვენი პლანეტის წინაშე არსებული გამოწვევების ანალიზს. 

1990  წელს სოსო ცინცაძემ გამოსცა წიგნი  „გარემო ჩვენი არსობისა: ეკოლოგია და საერთაშორისო ურთიერთობის ზოგიერთი ასპექტი“, რომელიც ეხება ჩვენი ეპოქის ყველაზე მტკივნეულ საკითხს - ეკოლოგიურ პრობლემებს. წიგნს აქტუალურობა დღესაც არ დაუკარგავს. წიგნის ავტორის მიზანია მომავალ თაობებს დაანახოს, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი პლანეტა - დედამიწა.   

როგორც სოსო ცინცაძე აღნიშნავს, საშიშ მასშტაბებს იღებს მსოფლიო ოკეანეების დაბინძურება, სადაც ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ნავთობპროდუქტები იღვრება და სამრეწველო ნარჩენები ხვდება.  რაც უფრო მეტად იზრდება ნავთობის წარმოება და მოპოვება, მით უფრო მეტად ბინძურდება ჩვენი პლანეტის ზღვები, წყლები და ოკეანეები.  სულ უფრო მეტი მომწამვლელი ნივთიერებები გროვდება ზღვებსა და ოკეანეებში, რის გამოც მომაკვდინებელი საფრთხე შეექმნა წყლის ბინადართა სიცოცხლისუნარიანობას.  რადიოაქტიური ნივთიერებების და სამრეწველო ნარჩენების მომრავლების გამო, მარტო ხმელთაშუა ზღვაში 50 პროცენტამდე შემცირდა ზღვის ორგანიზმთა სიცოცხლისუნარიანობა.  

გაეროს მონაცემების თანახმად, სუფთა სასმელი წყალი დეფიციტი გახდა და დედამიწის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სვამს დაბინძურებულ წყალს.  ქალაქების მოსახლეობის ერთ მეხუთედს და სოფლის მოსახლეობის სამ მეოთხედს არ აქვს წვდომა სუფთა სასმელ წყალზე.   წარმოების პროცესის ზრდასთან ერთად სულ უფრო და უფრო უარესდება წყლის ხარისხი და მომაკვდინებელი საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს.       

მკვლევარის აზრით, თუ კაცობრიობა არ განახორციელებს საგანგებო ღონისძიებებს თავისი ბინადარი გარემოს გადასარჩენად, ცივილიზაციას შეიძლება დაემუქროს მეტად სავალალო დასასრული ბირთვული კატასტროფის თავიდან აცილების შემთხვევაშიც კი.  

ადრე თუ გვიან რესურსები ამოიწურება ადამიანის ასეთი დაუდევრობის გამო და კაცობრიობა დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. XXI საუკუნეში  ტემპერატურისა და ბუნებრივი კატასტროფების მატებასთან ერთად, ადამიანებმა მწვავედ შეიცნეს  დედამიწის წინაშე არსებული ეკოლოგიური პრობლემები.  მომხვეჭელობამ, სიხარბემ და მატერიალიზმმა ადამიანი დიდ განსაცდელში ჩააგდო და ახლა უკვე ვიმკით დათესილს:  გლობალური დათბობა შეუქცევადი პროცესი გახდა და მისი შეჩერება ფაქტიურად უკვე შეუძლებელია.  

სოსო ცინცაძე აღნიშნავს, სტატისტიკური მონაცემების თანახმად კაცობრიობამ მთელი XX საუკუნის განმავლობაში უფრო მეტი სასარგებლო წიაღისეული დახარჯა, ვიდრე მთელი მანამდელი ისტორიის მანძილზე.   ბუნებრივ სიმდიდრეთა მარაგი ულევი არ არის., ადამიანმა უნდა ისწავლოს მშობლიური დედამიწის სიყვარული და ლმობიერად მოეპყრას ბუნებას.   ბუნება შეიძლება გადაარჩინოს მხოლოდ მის მიმართ სიყვარულმა.    

ლიტერატურა:

  1. აბონ ციციაშვილი & სოსო ცინცაძე, გარემო ჩვენი არსობისა : ეკოლოგია და საერთაშორისო ურთიერთობის ზოგიერთი ასპექტი, ბათუმი, 1990.

  2. სოსო ცინცაძე, ბირთვული ერის რეალობანი,  თბილისი,  საქართველო, 1987.

  3. დრო, პრობლემები, მოვლენები : [საერთაშორისო ცხოვრების აქტუალური პრობლემები] / რედ. ს. ცინცაძე ; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1984.  


123-456-7890

Revaz Gachechiladze

The project “Field Navigator of Political Science” is supported by Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (SRNSFG) SPG-22-854

  • Facebook
  • YouTube
bottom of page